საქართველოში ასტრაზენეკათი ვაქცინაცია მხოლოდ 55 წელს ზემოთ ადამიანებში გაგრძელდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
“ვაქცინაციის პროგრამა ასტრაზენეკას ვაქცინით გაგრძელდება 55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში როგორც ახლაც მიმდინარეობს. შემდგომი გაფართოვება ასაკობრივი ჯგუფებისთვის ამ ეტაპზე ასტრაზენეკასთვის აღარ მოხდება. რაც შეეხება მომდევნო ვაქცინაციას ისევ ასტრაზენეკათი, ამ შემთხვევაში რეკომენდაცია რაიმის ცვლილების შესახებ არ არსებობს. ამდენად, მან, ვინც უსაფრთხოდ ჩაიტარა პირველი დოზა, ასევე შეუძლია ჩაიტაროს მეორე დოზა”,– თქვა გაბუნიამ ბრიფინგზე.
მანვე აღნიშნა, რომ მუშაობენ ალტერნატიული ვაქცინის დანერგვის დაჩქარებაზე.
ცნობისთვის, გუშინ ევროპის წამლის სააგენტოს [EMA] უსაფრთხოების კომიტეტმა განაცხადა, რომ დადასტურდა უიშვიათესი კავშირები AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბის შემთხვევებს შორის.
ვაქცინაციისა და იმუნიზაციის საკითხებზე ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველმა ორგანომ ოფიციალური რეკომენდაცია გასცა, რომ 30 წლამდე ზრდასრულ მოქალაქეებს კორონავირუსის წინააღმდეგ AstraZeneca-ს ვაქცინის ნაცვლად სხვა ვაქცინა შესთავაზონ, იმ შემთხვევაში, თუ სხვა ვაქცინა ხელმისაწვდომია და ჯანმრთელობის მყისიერი საფრთხე არ დგას.