ბრიტანულ–შვედურმა კომპანია AstraZeneca–მ განაცხადა, რომ მის მიერ წარმოებული ვაქცინების რაოდენობამ ერთ მილიარდს მიაღწია. ეს მილიარდი დოზა მსოფლიოს 170 ქვეყანაში განაწილდა.
“ეს შესანიშნავი ამბავია ჩვენთვის, მეცნიერთა პატარა ჯგუფისთვის, რომლებიც ამ ვაქციანზე აქ, ოქსფორდში გასული წლიდან მუშაობდნენ“– თქვა ვაქცინის შემქმნელთა ჯგუფის მეთაურმა, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ენდრიუ პოლარდმა.
“ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ კომპანია AstraZeneca –თი, რომელმაც შეძლო მთელ მსოფლიოში 20 წარმოება გაემართა, თანაც არა გასამდიდრებლად, არამედ მსოფლიოს ვაქცინით უზრუნველსაყოფად “–დასძინა პროფესორმა.
AstraZeneca–მა თავიდანვე პირობა დადო, რომ არ შეეცდებოდა საკუთარი ვაქცინის გაყიდვით გამდიდრებას.
წლის პირველ ნახევარში კომპანიამ ვერ შეძლო წარმოების საკმარისად სწრაფად აწყობა, რათა ევროკავშირთან და ბრიტანეთთან ასობით მილიონ დოზაზე გაფორმებული კონტრაქტები შეესრულებინა, რამაც ბრიუსელსა და ლონდონს შორის მცირე დაპირისპირება გამოიწვია. გარდა ამისა, ევროკავშირმა შვედურ–ბრიტანულ კომპანიასთან ახალი კონტრაქტები აღარ გააფორმა.