გასულ ღამეს, ოკუპირებულ ბერდიანსკის აეროდრომზე დარტყმისთვის უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, პირველად გამოიყენეს აშშ-დან მიწოდებული ახალი რაკეტები.
რუსული წყაროების მიხედვით, ეს იყო ყველაზე მძლავრი დაბომბვა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.
უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერს, რომ ამერიკული ATACMS-ის რაკეტები უკვე უკრაინაშია და მათი მეშვებოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე აეროდრომებზე იერიშები მიიტანეს.
- “ATACMS-ები უკვე ჩვენთანაა. ბერდიანსკის აეროდრომზე მტრის ტექნიკას მათი მეშვეობით დაარტყეს. მადლობა ჩვენს პარტნიორებს! რუსები უკვე ფოტოებს აქვეყნებენ”. – წერს გონჩარენკო.
უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ ბერდიანსკსა და ლუგანსკთან მდებარე აეროდრომებზე დარტყმების შედეგად, დაზიანდა რუსების ორი ვერტმფრენი, საბრძოლო მასალის საცავი და საარტილერიო დანადგარები.
ATACMS-ის ტიპის რაკეტები აშშ-მა უკრაინას ცოტა ხნის წინ გადასცა. რაკეტის მოქმედების მანძილი 160-დან 300 კმ-მდეა და იმის გამო, რომ რაკეტა ბალისტიკურია, მისი ფრენის სიჩქარე ბევრად აღემატება Storm Shadow-ის ტიპის ფრთოსან რაკეტებს, რომლებსაც უკრაინა უკვე რამდენიმე თვეა იყენებს.
”გამოყენებული იქნა არანაკლებ 6 ცალი ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა ATACMS და პლანირებადი ბომბით აღჭურვილი 150 კმ-მდე მოქმედი ჰიბრიდული რაკეტა GLSDB ( ინფორმაცია კომენტარებში ლინკზე) აეროდრომზე აღმოჩენილია M-74 ტიპის კასეტური მსხვრევადი ელემენტები რაც იმაზე მიანიშნებს რომ გაშვებული იქნა MGM-140B Block 1A (M39A1) მოდიფიკაციის 300 კმ-მდე მფრენი კასეტურ ქობინიანი ATACMS.
- რაკეტა შეიარაღებაში 1998 წელს შევიდა, სიგრძე 3,96 მეტრი
- დიამეტრი 610 მმ
- მასა 1320 კგ
- ქობინის მასა – 160 კგ
- ქობინის შემადგენლობა – 275 ცალი M-74 ელემენტი.
- ფრენის მანძილი – 300 კმ
- დამინების სისტემა – GPS/INS
- სიზუსტე – 100 მეტრი.ATACMS ის რაკეტები გაშვება შესაძლებელია M-142 HIMARS და M-270 MLRS ტიპის სარაკეტო სისტემებიდან. ზოგადად კასეტური ქობინის მქონე საბრძოლო მასალა ყველაზე ეფექტურია აეროდრომზე მდგარი, დიდ ფართობზე გაშლილი საფრენი აპარატების დასაზიანებლად.”- აცხადებს შეიარაღების ექსპერტი, გიგა ინაშვილი.
უცნობია თუ რა რაოდენობის Atacms-ის რაკეტები მიაწოდა ამერიკამ უკრაინას.