ATACMS-ის რაკეტები უკრაინაშია – უკრაინელებმა რუსეთის პოზიციებზე პირველი იერიშები მიიტანეს

გასულ ღამეს, ოკუპირებულ ბერდიანსკის აეროდრომზე დარტყმისთვის უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა,  პირველად გამოიყენეს აშშ-დან მიწოდებული ახალი რაკეტები.

რუსული წყაროების მიხედვით, ეს იყო ყველაზე მძლავრი დაბომბვა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერს, რომ ამერიკული ATACMS-ის რაკეტები უკვე უკრაინაშია და მათი მეშვებოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე აეროდრომებზე იერიშები მიიტანეს.

  • “ATACMS-ები უკვე ჩვენთანაა. ბერდიანსკის აეროდრომზე მტრის ტექნიკას მათი მეშვეობით დაარტყეს. მადლობა ჩვენს პარტნიორებს! რუსები უკვე ფოტოებს აქვეყნებენ”. – წერს გონჩარენკო.

უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ ბერდიანსკსა და ლუგანსკთან მდებარე აეროდრომებზე დარტყმების შედეგად, დაზიანდა რუსების ორი ვერტმფრენი, საბრძოლო მასალის საცავი და საარტილერიო დანადგარები.

ATACMS-ის ტიპის რაკეტები აშშ-მა უკრაინას ცოტა ხნის წინ გადასცა. რაკეტის მოქმედების მანძილი 160-დან 300 კმ-მდეა და იმის გამო, რომ რაკეტა ბალისტიკურია, მისი ფრენის სიჩქარე ბევრად აღემატება Storm Shadow-ის ტიპის ფრთოსან რაკეტებს, რომლებსაც უკრაინა უკვე რამდენიმე თვეა იყენებს.

”გამოყენებული იქნა არანაკლებ 6 ცალი ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა ATACMS და პლანირებადი ბომბით აღჭურვილი 150 კმ-მდე მოქმედი ჰიბრიდული რაკეტა GLSDB ( ინფორმაცია კომენტარებში ლინკზე) აეროდრომზე აღმოჩენილია M-74 ტიპის კასეტური მსხვრევადი ელემენტები რაც იმაზე მიანიშნებს რომ გაშვებული იქნა MGM-140B Block 1A (M39A1) მოდიფიკაციის 300 კმ-მდე მფრენი კასეტურ ქობინიანი ATACMS.

  • რაკეტა შეიარაღებაში 1998 წელს შევიდა, სიგრძე 3,96 მეტრი
  • დიამეტრი 610 მმ
  • მასა 1320 კგ
  • ქობინის მასა – 160 კგ
  • ქობინის შემადგენლობა – 275 ცალი M-74 ელემენტი.
  • ფრენის მანძილი – 300 კმ
  • დამინების სისტემა – GPS/INS
  • სიზუსტე – 100 მეტრი.ATACMS ის რაკეტები გაშვება შესაძლებელია M-142 HIMARS და M-270 MLRS ტიპის სარაკეტო სისტემებიდან. ზოგადად კასეტური ქობინის მქონე საბრძოლო მასალა ყველაზე ეფექტურია აეროდრომზე მდგარი, დიდ ფართობზე გაშლილი საფრენი აპარატების დასაზიანებლად.”- აცხადებს შეიარაღების ექსპერტი, გიგა ინაშვილი.

უცნობია თუ რა რაოდენობის Atacms-ის რაკეტები მიაწოდა ამერიკამ უკრაინას.