აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა, ნონა კვასტიანმა შეცდომით ჟურნალისტების ჯგუფში დაწერა მოწოდება, რომ მათი მთავრობის მეთაური იმედის გადაცემაში მონაწილეობდა და სოციალურ ქსელებში მხარდაჭერა და აქტიურობა ჭირდებოდა. სავარაუდოდ ეს მოწოდება მხარდამჭერების ჯგუფისთვის იყო განკუთვნილი, ჟურნალისტების ჯგუფში კი შეცდომით მოხვდა და მალევე წაიშალა, თუმცა მანამდე TV 25-მა მთავრობის პრესსამსახურის სამობილიზაციო მოწოდების სქრინშოთი გადაიღო და გაავრცელა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ტვ იმედის გადაცემა “სვოტ ანალიზში“ სამშაბათს საღამოს მონაწილეობდა.
როგორც ჩანს პრესსამსახურის მოწოდება რეალურ ადრესატებამდე საბოლოოდ მაინც მივიდა. ლაივ რეჟიმში იმედის ფეისბუქ გვერდზე რიჟვაძის მიმართ მრავალი საქებარი კომენტარი დაიწერა.