ავსტრალიაში ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება, სახანძრო სამსახური მოსახლეობას თავშესაფრის მოძებნისკენ მოუწოდებს

ავსტრალიაში ხანძრის ჩაქრობას ვერ ახერხებენ. პრემიერ მინისტრის, სკოტ მორისონის ბრძანებით, ლოკალიზების სამუშაოებში 3000 ჯარისკაცი ჩაერთო.

სახანძრო სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, ტერიტორია არ დატოვონ და თავშესაფარი ადგილზევე ეძებონ. “ტერიტორიის დასატოვებლად უკვე ძალიან გვიანაა, ეძებეთ თავშესაფარი,”- წერია უწყების განცხადებაში.

ხანძრის ლოკალიზებას ძლიერი სიცხე და ქარი ართულებს. დღეს ავსტრალიაში სიცხემ 40℃-ს მიაღწია. 4 იანვარს, დღის ბოლოს, ხანძრის ახალი 73 კერა გაჩნდა, 53 კი ისევ იწვის.

ხანძარმა გაანადგურა 1500 სახლი და მილიონობით ჰექტარი ტყე. დაიღუპა ნახევარ მილიარდამდე ცხოველი, მათ შორის დიდი რაოდენობით კოალა. მათი საცხოვრებელი ტყეების დაწვის გამო, ისინი შესაძლოა გადაშენების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.

ავსტრალიაში ხანძარს სექტემბრიდან დღემდე მინიმუმ 23 ადამიანი ემსხვერპლა, ათეულობით კი დაკარგულად ითვლება. სტიქიას ავსტრალია უკვე რამდენიმე თვეა ებრძვის.