აზერბაიჯანში ათეულობით პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს

ნოვრუზის დღესასწაულის წინა საღამოს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა 400-მდე პატიმარი გაათავისუფლა. მათ შორის რამდენიმე ათეული ადამიანი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნეოდა. ბევრი დამკვირვებლის თქმით, ალიევის ხელისუფლება წლების განმავლობაში შეუწყნარებელი იყო პოლიტიკური კრიტიკისადმი და ეს შესაძლოა პოლიტიკის ცვლილებას მოასწავებდეს. გათავისუფლებულთა შორისაა ალი ინსანობი, ქვეყნის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, პოლიტიკური ლიდერები გოზალ ბაირამლი, ფუად გარამანლი, ჟურნალისტი ფიკრეტ ფარამაზოღლუ და სხვა ოპოზიციონერი და ახალგაზრდა აქტივისტები.

ევროკომისიის პრეს-სპიკერი მაია კოსიანჩიჩმა ალიევის გადაწყვეტილება მოიწონა და მას “მისასალმებელი ნაბიჯი” უწოდა. გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში ის ამბობს, რომ ევროკავშირი აზერბაიჯანისგან მომავალში საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასა და ​სხვა მსგავს ნაბიჯებსაც ელის. ალიევის ხელისუფლებას წლების განმავლობაში აკრიტიკებდნენ ისეთი უფლებადამცველი ორგანიზაციები, როგორიცაა “ჰუმან რაითს უოჩი” და “საერთაშორისო ამნისტია”.

კრიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილი სწორედ პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებებს ეხებოდა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ალიევმა რამდენიმე ცვლილება განახორციელა: მიიღო კრედიტების შემამსუბუქებელი განკარგულებები, გასცა კომპენსაციები სამხედრო ვეტერანების ოჯახებზე, გაიზარდა სტუდენტების სტიპენდიების რაოდენობა. რაც შეეხება შეწყალებას, მიუხედავად იმისა, რომ გათავისუფლებულთა შორის 51 პოლიტიკურ პატიმრად იყო ცნობილი, ათეულობით სხვა ადამიანი კვლავ პატიმრობაში რჩება. მათი პატიმრობის საფუძველი კი საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, სწორედ მათი პოლიტიკური შეხედულებები და ალიევის საწინააღმდეგო პოზიციებია.

მათ შორის არიან ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც 2 წლის წინ თბილისიდან გაუჩინარდა და ბაქოს საპატიმროში აღმოჩნდა, ასევე ჟურნალისტი სეიმურ ჰაზი, რომელიც ალიევის რეჟიმს კორუფციაში ადანაშაულებდა. გათავისუფლებულთა შორის ერთ-ერთი ილჩინ რუსტამზადეა, ბლოგერი და პრო-დემოკრატიული ახალგაზრდული ჯგუფის წევრი, რომელიც 2013 წელს მშვიდობიანი პროტესტისას საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. “ამას არ ველოდი”, – უთხრა რუსტამზადემ ჟურნალისტებს ციხის კარებთან. “მაგრამ ჩვენი ბრძოლა გრძელდება. მთავარი არა ჩვენი, არამედ აზერბაიჯანის თავისუფლებაა და ჩვენი ღირებულებების გამარჯვება”.

გათავისუფლებულთანაგან ბევრმა მსგავსი განცხადებები გააკეთა. ზოგმა კი დასავლეთსა და შეერთებულ შტატებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მათ გათავისუფლებას მიაღწიეს. ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოსტს 2003 წლიდან, მამამისის, ჰეიდარ ალიევის გარდაცვალების შემდეგ იკავებს. მის მმართველობას უფლებადამცველი ორგანიზაციები მკაცრად აკრიტიკებენ, რადგან მისმა მთავრობამ თანდათან უფროდაუფრო შეზრუდა პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებები, ოპოზიციური პარტიებისა დ აჟურნალისტების საქმიანობა. “ფრიდომ ჰაუსი” აზერბაიჯანს არათავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში განიხილავს სხვა ყველაზე რეპრესიული ქვეყნების გვერდით. “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი” კი მას “10 ყველაზე მკაცრი ცენზურის მქონე” ქვეყნებს შორის ასახელებს.

წყარო: ამერიკის ხმა