ბახტაძის და კალაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვენ

გაერთიანებული ოპოზიცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძისა და თბილისის მერის კახა კალაძის წინააღმდეგ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს. ამის შესახებ ოპოზიციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და თბილისის მერი კახა კალაძე ამომრჩევლის მოსყიდვაში მონაწილეობდნენ და სწორედ ამიტომ უნდა დაიწყოს მათ წინააღმდეგ გამოძიება.

როგორც ცნობილია, დღესვე გაერთიანებულმა ოპოზიციამ განაცხადა, რომ სასამართლოს მიმართავს. მათი მიზანია, უკვე არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მოეხსნას პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაცია. გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ გამოიკვლიეს ყველა ფაქტობრივი გარემოება და სასამართლოს თხოვენ, სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც ამომრჩევლის მოსყიდვას ეხება.

ვაშაძემ 600 მოქალაქისთვის საფინანსო ორგანიზაციების წინაშე არსებული დავალიანების ჩამოწერა და კარტოფილის, ხახვის და მეორადი ტანსაცმლის დარიგება მოსყიდვად შეაფასა. 

შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. თავის მხრივ, მმართველი გუნდი ამ მოთხოვნას არაადეკვატურს უწოდებს და თელავში დაგეგმილი ინაუგურაციისთვის ემზადება.