მადრიდის სასამრალომ 83 წლის მილიარდერი, ყოფილი ბანკირი ხაიმე ბოტინი 52.4 მილიონი ევროთი დააჯარიმა და 18 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა პაბლო პიკასოს ნახატის “ახალგაზრდა ქალის თავის“ ესპანეთის საზღვრებს გარეთ გატანის მცდელობისთვის.
ნახატი მილიარდერის იახტაზე, ფრანგული კორსიკის პორტში 2015 წელს აღმოაჩინეს. ნახატი, რომლის მფლობელი ბოტნია ესპანეთის ეროვნულ საგანძურად არის აღიარებული, ამიტომ მისი ქვეყნიდან გატანა აკრძალულია.
მოსამართლემ ასევე დაადგინა, რომ უნდა მოხდეს ნახატის კომფისკაცია და ის სახელმწიფოს უნდა გადაეცეს. მილიარდერს აპელაციის უფლება აქვს.
ბოტინი სავარაუდოდ ციხეში არ წავა, რადგან ესპანეთში ორ წელზე ნაკლები ვადით პატიმრობამისჯილები უფრო ხშირად პირობით სასჯელს იხდიან. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია მისი ასაკიც.
ბრალი ბოტინს 2017 წელს წაუყენეს. პროკურატურა მისთვის ოთხწლიან პატიმრობას და 100 მილიონი ევროს ჯარიმას ითხოვდა.
ესპანური კანონმდებლობის მიხედვით, ხელოვნების ნებისმიერი ნაწარმოები, რომლის ასაკი ას წელს აღემატება და რომელიც ქვეყნის ისტორიისა და კულტურის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად ითვლება, ეროვნულ საგანძურად ცხადდება, თუნდაც კერძო მფლობელობაში იყოს.
თუ ნაწარმოების ავტორებს მისი საზღვარგარეთ გატანა უნდათ, ესპანეთის კულტურის სამინისტროდან სპეციალური ნებართვა უნდა მიიღონ.
ბოტინს, რომელმაც პიკასოს ნამუშევარი 1977 წელს ლონდონში იყიდა, ქვეყნიდან მის გატანაზე მანამდე უარი ურთხრეს.
სასამართლოში ის ამტკიცებდა, რომ 2015 წელს ცდილობდა ნახატი ჟენევაში შესანახად წაეღო. მადრიდის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ 2012 წელს ლონდონის კრისტის სააუქციონო სახლმა ის გააფრთხილა, რომ ლონდონში ნახატის გასაყიდად საჭირო იყო ესპანეთის ხელისუფლების ნებართვა.
ამის მიუხედავად, როგორც სასამართლოში ითქვა, ბოტინმა ნახატი ვალენსიის პორტში მიიტანა და თავისი იახტის კაპიტანს უბრძანა ის დაემალა, რათა ხელისუფლებას არ ეპოვნა.ამის შემდეგ იახტა კორსიკაში შეჩერდა, სადაც ფრანგმა მებაჟეებმა კაპიტნის კაიუტაში ნახატი აღმოაჩინეს.
პიკასოს ეს ნამუშევარი 1906 წლით თარიღდება, როცა ის კატალონიური მხატვრობის ძლიერი გავლენის ქვეშ იყო.ამჟამად 26 მილიონ ევროდ შეფასებული ნახატი მადრიდში, დედოფალ სოფიას ხელოვნების ცენტრში ინახება.
ხაიმე ბოტინი ბანკ Santander–ის დამფუძნებლის შვილიშვილია. თავადაც ამ ბანკის თავმჯდომარე იყო 2004 წლამდე.