ბათუმის მერი პარიზში ბიუჯეტის ხარჯით მეგობრების წაყვანას უარყოფს

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე პარიზში ვიზიტის შესახებ განმარტებას სოციალური ქსელით აკეთებს და აცხადებს, რომ ბიუჯეტის ფულით მეგობრები პარიზში არ წაუყვანია.

“გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო ორი დღის განმავლობაში, ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ მიზანმიმართულ, ცრუ კამპანიას, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება ბათუმის მერის პარიზში ვიზიტის ხარჯების მიზნობრიობასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ არტ-კაპიტალის გამოფენაზე ქართული დელეგაციის სტუმრობა და ქართველი მხატვრების მონაწილეობა არის უპრეცედენტო და მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქისა და რეგიონისთვის. აღნიშნულ გამოფენაში ბათუმელი მხატვრების მონაწილეობა არის ცნობილი ქართველი პიანისტის, ელისო ბოლქვაძისა და აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილის, აკაკი ძნელაძის ძალისხმევის შედეგი. მხატვრების გამოფენაზე წარმოდგენისთვის ხარჯები გაწეული იქნა აჭარის კულტურის სამინისტროსა და, ნაწილობრივ, ბათუმის მერიის მიერ. წარმოდგენილი მხატვრების უმრავლესობა იყო ბათუმელი და შესაბამისად, არტ-კაპიტალის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ბათუმის მერი ოფიციალურად იქნა მიწვეული აღნიშნულ ღონისძიებაზე.

ვიზიტი ასევე მოიცავდა ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებსა და სამომავლო გეგმების განხილვას. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, აღნიშნულ ვიზიტზე მერს ახლდა მეგობრები, რომლებიც დაფინანსებულნი იყვნენ ბიუჯეტის თანხებით, წარმოადგენს სიცრუეს. ღონისძიებაზე დამსწრე სხვა პირები გამოფენაზე იმყოფებოდნენ საკუთარი ინიციატივითა და ხარჯებით. მათი დაფინანსება არ განხორციელებულა ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან. მოგიწოდებთ ყველას, ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას” – წერს კომახიძე.

განმარტების მიუხედავად, მერს არ გაუსაჯაროვებია სამივლინებო ხარჯები,სადაც დადასტურდებოდა ან გაქარწყლდებოდა ბრალდებები, რომელიც “ალტერნატივამ” ბათუმის მერიას წაუყენა.