ბავშვზე ძალადობისთვის დაკავებული აღმზრდელი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა

ბავშვზე ძალადობაში დადანაშაულებულ საბავშვო ბაღის აღმზრდელს სასამართლომ 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. ინციდენტი სამეგრელოში, სოფელ ზედა ეწერში მოხდა.
ბავშვის მშობლის მტკიცებით, ის საბავშვო ბაღის ოთახში  იმ დროს შევიდა, როცა პედაგოგი, ინგა ვეკუა მისი 5 წლის კუთხეში მდგარ შვილს აჯანჯღარებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ამის გამო მშობელსა და აღმზრდელს შორის შელაპარაკება მოხდა.  თათია გამსახურდიამ პოლიცია გამოიძახა.
ბავშვების მიმართ უდიერ მოპყრობას უარყოფს საბავშვო ბაღის პედაგოგი, ინგა ვეკუა. მისი მტკიცებით, მისი აღსაზრდელი საკმაოდ უხეში ბავშვია და ის თანატოლებზე ხშირად ძალადობს, რის გამოც მან მშობელს ბაღში მისვლა თხოვა და ამტკიცებს, რომ თათია გამსახურდიას მხრიდან პოლიციაში ჩივილის მიზეზი, სიტყვიერი შელაპარაკების გამო შურისძიებაა.