ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია Amnesty International-მა განაცხადა, რომ უკრაინის ქალაქ ხარკოვის დაბომბვისას რუსეთი ფართოდ იყენებდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აკრძალულ კასეტურ ბომბებს, რის შედეგადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
Amnesty International-მა მოამზადა ანგარიში, რომელიც შეიცავს მტკიცებულებებს რუსული ძალების მიერ კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენების შესახებ, მათ შორის 9N210/9N235. კასეტური ბომბები, ასევე გაფანტული ნაღმები, რომლებიც საერთაშორისო ხელშეკრულებით აკრძალვას ექვემდებარება.
BBC-ის კორესპონდენტებმა ხარკოვის საცხოვრებელი უბნების ხუთი განსხვავებული ადგილი მოინახულეს.
ადგილზე მისულმა კორესპონდენტებმა აღმოაჩინეს აფეთქებების სიმეტრიული კვალი: ზედაპირული დაზიანების დამახასიათებელი ნიშნები, რომლებიც ჩნდება კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებისას.
„ეს არის კასეტური საბრძოლო მასალის ნიშნები, ეს არის კლასიკური ნიშნები“, თქვა მარკ ჰიზნიმ, Human Rights Watch-ის იარაღის უფროსმა მკვლევარმა.
კასეტური ბომბები, გამოყოფენ ბევრ პატარა ზომის ბომბებს-დიდ ტერიტორიაზე, ისინი დიდ რისკს უქმნიან სამოქალაქო პირებს, როგორც ომის პერიოდში, ასევე მისი დასრულების შემდეგ. ამას ხელს უწყობს ის ფაქტიც, რომ მათი გამოყენების შედეგად, მუდმივად რჩებოდა აუფეთქებელი
ბომბების დიდი რაოდენობა, რაც პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს სამოქალაქო პირებისთვის.
Amnesty International-ი აცხადებს, რომ საყოველთაოდ აკრძალული საბრძოლო მასალის გამოყენება შოკისმომგვრელია და კიდევ ერთხელ მიუთითებს მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის უგულებელყოფაზე.
“ხარკოვის საცხოვრებელი უბნების განმეორებითი დაბომბვა განურჩეველი თავდასხმებია, რომლებიც ომის დანაშაულს წარმოადგენს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა და დაშავდა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ეს შეეხება როგორც კასეტური იარაღით დარტყმებს, ასევე სხვა ტიპის უპილოტო რაკეტების და საარტილერიო ჭურვების გამოყენებით შეტევებს, რომლებიც განურჩეველია მშვიდობიანი მოსახლეობის სიახლოვეს გამოყენებისას”. – ნათქვამია ანგარიშში.