საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან განკვეთილი ე.წ. ბერი ნიკოლოზის მიმდევრები დაუპირისპირდნენ.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე,
154-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობას, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას და ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ინციდენტის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო, ტელეკომპანია „იმედის“ გადამღები ჯგუფის წევრები გადაყვანილი არიან საავადმყოფოში.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.