სააგენტო Bloomberg–მა გაარკვია, რომ აშშ ჩუმად გადასცემდა უკრაინას მაღალი სიზუსტის Excalibur –ის ჭურვებს GPS-ის სისტემით.
ეს ცხადი ხდება ჟურნალისტების ხელთ აღმოჩენილი დოკუმენტებიდან, რომლებშიც მითითებულია Excalibur–ის ჭურვების გავრცელების არხები.
მაგალითად, პენტაგონის ანგარიშიდან ჩანს, რომ უწყებას განზრახული აქვს 7 მილიარდი დოლარი დახარჯოს Excalibur–ის მარაგების შევსებაზე.
ვაშინგტონში ამ საკითხის კომენტარზე უარს ამბობენ.
Excalibur არის ჭურვი თანამგზავრული დამიზნების სისტემით, რომელსაც შეუძლია სამიზნე ორი მეტრის სიზუსტით გაანადგუროს.
პირველად ის 2007 წელს ერაყში გამოიყენეს, როცა ალ ქაიდას ლიდერი, აბუ ჯურა და მისი გარემოცვის რამდენიმე ადამიანი მოკლეს.
მაღალი სიზუსტის ჭურვები 155 მილიმეტრიან ჰაუბიცებში გამოიყენება. განადგურების რადიუსი 40.5 კილომეტრია.
ექსპერტების თქმით ერთი M982 Excalibur–ის ღირებულება 98–106 ათასი დოლარია.
მთელი რიგი დოკუმენტების საფუძველზე, რომლებსაც სააგენტოს ჟურნალისტები გაეცნენ, შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ წელს პენტაგონის განკარგულებაში დაახლოებით 900 ასეთი ჭურვი იყო, თუმცა ძნელი სათქმელია, ზუსტად რამდენი იყო უკრაინისთვის განკუთვნილი.
Excalibur–ის ფასეულობა იმაშია, რომ მისი საშუალებით სამიზნის პირველივე გასროლით განადგურებაა შესაძლებელი.
“ეს იარაღი სავარაუდოდ ეკონომიურად გამოიყენებოდა წერტილოვანი დარტყმებისთვის რუსულ სამეთაურო და მართვის პუნქტებზე, კერძოდ უკრაინის აღმოსავლეთ ოლქებში“– თვლის სააგენტო.