ბოინგ 737 Max-ში ახალი ხარვეზები აღმოაჩინეს. ამ მოდელის ფრენა ახლო მომავალში აღარ განახლდება

ამერიკულმა კომპანია Boeing–მა 737 Max-ის პროგრამულ უზრუნველყოფაში ახალი ხარვეზები აღმოაჩინა, რომელთა შესახებ აქამდე არაფერი იყო ცნობილი. ამის შედეგად შესაძლოა ამ მოდელის ლაინერების ერთი წლის წინ შეწყვეტილი ფრენა კიდევ დიდხანს არ განახლდეს.

სააგენტოების, როიტერის და ფრანს პრესის ცნობით კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით ხარვეზები ტექნიკური შემოწმებისას აღმოჩდა. გაირკვა, რომ არასწორად მუშაობს სისტემა, რომელიც ფრენის წინ ზოგიერთი აგრეგატის გამართულობას ამოწმებს.

როიტერი ხაზს უსვამს, რომ მომხდარი კიდევ უფრო გადაავადებს ამ ლაინერების საჰაერო სივრცეში დაბრუნებას, თუმცა კომპანიაში ამას უარყოფენ. ბოინგში აცხადებენ, რომ უკვე მუშაობენ ამ ხარვეზის აღმოფხვრაზე და იმედი აქვთ, რომ მას უახლოეს მომავალში მოაგვარებენ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა 737 Max-ში გაუმართაობა აღმოაჩინეს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ–ს სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სამმართველომ პრობლემები აღმოაჩინა თვითმფრინავის ელექტროგაყვანილობაში. გაირკვა, რომ ელექტროგაყვანილობის ორი კვანძი იმდენად ახლოს არის ერთმანეთთან, რომ ფრენისას ამის გამო შესაძლოა მოკლე ჩართვა მოხდეს, რაც თვითმფრინავის კატასტროფას გამოიწვევს.

ეს ხარვეზები თვითმფრინავის შემოწმებისას აღმოჩნდა, რაც უკვე ამ ლაინერების ფრენის შეჩერების შემდეგ დაიწყო. მიზეზი ორი ავიაკატასტროფა გახდა, რომლებიც ერთმანეთიდან რამდენიმე თვის ინტერვალში მოხდა.

პირველი კატასტროფა 2018 წელს ინდონეზიაში მოხდა და მას 189 ადამიანი შეეწირა. მეორე 2019 წლის მარტში, ეთიოპიაში. დაიღუპა 157 ადამიანი. გამოძებისას გაირკვა, რომ მიზეზი ახალი პროგრამული უზრუნველყოფა გახდა, რომელიც პილოტებისთვის არ უსწავლებით.

საქმე ეხება სისტემას, რომელიც თვითმფრინავის მდგომარეობის კორექტირებას ახდენს. იმ შემთხვევაში, თუ თვითმფრინავი სიჩქარეს კარგავს სისტემა ავტომატურად დაბლა სწევს თვითმფრინავის წინა მხარეს, რათა მან სიჩქარე თავიდან აკრიფოს. თუმცა, როგორც გაირკვა პილოტებმა ამ ახალი ფუნქციის შესახებ არაფერი იცოდნენ.

კონგრესში ამ შემთხვევებთან დაკავშირებულ მოსმენებზე გაირკვა, რომ ჯერ კიდევ პირველი კატასტროფის დროს იყო პროგნოზი, რომ იმავე მიზეზით კიდევ 15 ლაინერის კატასტროფა შეიძლებოდა მომხდარიყო, თუმცა ლაინერის ფრენები არ აუკრძალავთ იმ იმედით, რომ ბოინგი პრობლემას მოაგვარებოდა.

ლაინერების ფრენა მხოლოდ მეორე კატასტროფის შემდეგ აკრძალეს.