პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის თქმით, ბოლნისიდან თბილისში გადმოჰყავთ ორსული ქალი, რომელსაც სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდა.
„ამ წუთში ვესაუბრებოდი ბოლნისიდან გადმოყვანილი ორსული ქალის მკურნალ ექიმს, სამეანო განყოფილების გამგეს, რომელმაც მითხრა, რომ პაციენტი ძალიან საყურადღებოა, არის 24-25 კვირის ორსული. ამ წამს შემოვიდა და ჯერ გამოკვლევები არ არის ჩატარებული. მას აღენიშნება ტემპერატურა.
სწრაფი ტესტებით დადგინდა, რომ პაციენტს აქვს კორონავირუსი და ახლა ჩვენ მას აუცილებლად გადავამოწმებთ ლუგარის ლაბორატორიაში,“ – ამბობს ტურძელაძე.
ექიმი აცხადებს, რომ ის მოთავსდება სამეანო განყოფილებაში და მეან გინეკოლოგი მიხედავს. მკურნალობაში ასევე ჩაერთვება ინფექციონისტიც. ასევე, სწრაფი ტესტის შედეგს ორ დღის ვადაში აუცილებლად გადაამოწმებენ ლუგარის ლაბორატორიაში.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 75 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 10 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 4346 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 247 პაციენტი.