ბრაზილიის პრეზიდენტის თანმხლებ თვითმფრინავში 39 კილო კოკაინი იპოვეს

ერთ–ერთი სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს დიდი ოცეულის სამიტზე მიაცილებდა, 39 კილო კოკაინი იპოვეს. ბრაზილიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ნარკოტიკები თვითმფრინავში მაშინ იპოვეს, როცა ოსაკაში მიმავალი თვითმფრინავი ტრანზიტულად სევილიაში დაჯდა.
ბრაზილიური და ესპანური მედიის ინფორმაციით დაკავებულია 38 წლის სერჟანტი მანუელ სილვა როდრიგესი. ის ბრაზილიის სამ პრეზიდენტს 29 საერთაშორისო ვიზიტისას ახლდა თან.
წყაროებმა ესპანური პოლიციიდან მედიას აცნობეს, რომ როდრიგესი თვითმფრინავიდან ბარგით ხელში გამოვიდა. ბარგის შემოწმებისას კოკაინის 37 შეკვრა იპოვეს.
როდრიგესი იმ თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრი იყო, რომელსაც პრეზიდენტი ბოლსონარუ სამიტიდან უკანა გზაზე უნდა წამოეყვანა.
ოსაკასკენ პრეზიდენტი სხვა თვითმფრინავით გაფრინდა, რომელიც გზად ლისაბონში დაჯდა. პრეზიდენტის თვითმფრინავიც სევილიაში უნდა დამჯდარიყო, თუმცა გეგმა შეიცვალა.
ბრაზილიის ვიცე პრეზიდენტის, ამილტონ მოურანის განცხადებით დაკავებული როგორც ჩანს პროფესიონალი ნარკოკურიერი იყო, რადგან ამ რაოდენობის ნარკოტიკს ის უბრალოდ ქუჩაში ვერ იყიდიდა.
თავად პრეზიდენტმა კი ტვიტერში დაწერა, რომ მოითხოვს დაკავებული სერჟანტის რაც შეიძლება მკაცრად დასჯას და მომხდარს მიუღებელი ფაქტი უწოდა.
როდრიგესი ესპანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკავებულია გირაოთი გათავისუფლების უფლების გარეშე. პოლიცია ცდილობს გაარკვიოს იყო თუ არა ესპანეთი ნარკოტიკის გადატანის მარშრუტის საბოლოო დანიშნულების პუნქტი.