სოვერენი მეფე ედუარდ VIII-ს გამოსახულებით აშშ–ში კერძო კოლექციონერმა 1 მილიონ ფუნტ სტერლინგად, ანუ 1.3 მილიონ დოლარად იყიდა. ამგვარად, ეს მონეტა ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული გახდა.
ოქროს მონეტის თავდაპირველი ნომინალი 1 ფუნტი სტერლინგია.
კოლექციონერი, რომელიც ანონიმად დარჩენას ამჯობინებს ამბობს, რომ ვერ გაუშვებდა ხელიდან აშშ–დან სამშობლოში ედუარდ VIII–ის გამოსახულებიანი მონეტის დაბრუნების შანსს.
სულ მსოფლიოში 6 ასეთი მონეტა არსებობს. ედუარდ VIII–ის გამოსახულებიანი მონეტა მასობრივ მიმოქცევაში არასოდეს ჩაუშვიათ. ის მიმოქცევაში 1937 წელს უნდა გამოსულიყო, თუმცა 1936 წლის დეკემბერში, მისი ტახტზე ასვლიდან ერთი წელიც არ იყო გასული, რომ მეფემ სამეფო გვირგვინზე უარი თქვა იმისათვის, რომ ცოლად ამერიკელი განათხოვარი ქალი, უოლის სიმპსონი მოეყვანა. შესაბამისად, შემორჩა მხოლოდ ამ მონეტის ნიმუშები. ათწლეულების განმავლობაში ისინი არსად გამოუფენიათ.
ტახტიდან გადამდგარმა მეფემ უინძორის ჰერცოგის სტატუსი მიიღო და არაერთხელ ითხოვა მისთვის ეს მონეტები გადაეცათ, თუმცა მისმა ძმამ, გეორგ მეექვსემ ამ თხოვნაზე უარი უთხრა.
მონეტის მეორე მხარე იტალიელი გრავიორის, ბენედეტო პისტრუჩის შესრულებულია
ამჟამად ოთხი ასეთი სოვერენი მუზეუმებში ინახება. ის 22 კარატიანი ოქროთია დამზადებული. მისი დიამეტრი 22 მილიმეტრიია, წონა 7.98 გრამი.
“მესმის, რომ 1 მილიონი ფუნტი ძალიან დიდი ფულია ერთი მონეტისთვის, მაგრამ ახლა რომ არ მეყიდა, ასეთი შანსი აღარასოდეს მომეცემოდა ცხოვრებაში“– ამბობს მონეტის ახალი მფლობელი.
მონეტის წინა მფლობელმა, ამერიკელმა კოლექციონერმა ის 2014 წელს 516 ათას ფუნტ სტერლინგად იყიდა.