ბრიტანეთის მარეგულირებელმა კომისიამ რუსული ტელეარხი დააჯარიმა

 


ბრიტანეთის მარეგულირებელმა კომისიამ, Ofcom–მა მიიღო გადაწყვეტილება მაუწყებლობის წესების დარღვევისთვის რუსული სახელმწიფო ტელეარხის, Russia Today-ს 200 000 ფუნტი სტერლინგით დაჯარიმების შესახებ.

“მოკვლევის შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ RT –მ ვერ შეძლო 2018 წლის 17 მარტსა და 26 აპრილს შორის პერიოდში სათანადო მიუკერძოებლობის შენარჩუნება ახალი ამბების შვიდ პროგრამაში.“ – ნათქვამია უწყების განცხადებაში. კერძოდ, რეგულატორის აზრით ტელეარხი არ იცავდა მიუკერძოებლობას ბრიტანეთის ხელისუფლების პოზიციის გაშუქებისას სოლსბერიში სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლის, ასავე სირიის კონფლიქტის თემებზე.

ტელეარხი აცხადებს, რომ აღშფოთებულია ბრიტანული რეგულატორის გადაწყვეტილებით და საჯარიმო თანხის მოცულობით. “თანხა ბევრად აღემატება ჯარიმებს, რომლებიც დაუკისრებიათ სხვა მედიასაშუალებებისათვის ისეთი სერიოზული დარღვევების გამო, როგორიც არის სიძულვილის გაღვივება და ძალადობისკენ მოწოდება, იმ დროს, როცა ჩვენს არხს მედიარეგულატორი სუბიექტურად ადანაშაულებს არასათანადო მიუკერძოებლობაში“ – ნათქვამია ტელეარხის განცხადებაში. მოკვლევა Russia Today-სთან დაკავშირებით გასულ წელს დაიწყო. Ofcom–მა არხის 10 საინფორმაციო გამოშვება შეისწავლა. აქედან სამში დარღვევა ვერ აღმოაჩინა. დეკემბერში რეგულატორმა გამოაქვეყნე ყოველი შესაძლო დარღვევის დეტალური გარჩევა, გამოცემების შინაარსთან, არხის პასუხთან და მარეგულირებლის დასკვნებთან ერთად.

ტელეარხი ცდილობს Ofcom–ის გადაწყვეტილება ლონდონის უმაღლეს სასამართლოში გაასაჩივროს. ივნისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ წინასწარ მოსმენებზე მოსამართლემ დასაშვებად ცნო ტელეარხის არგუმენტები და მას უფლება მისცა რეგულატორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს. საქმის განხილვა წლის ბოლომდე უნდა გაიმართოს. თუმცა რეგულატორი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაელოდა.

“აღშფოთებულები ვართ, რომ ბრიტანულმა რეგულატორმა ჯარიმა ისე დაგვაკისრა,სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაელოდა, რომელმაც უნდა დაადგინოს, რამდენად კანონიერია Ofcom–ის პრეტენზიები ტელეარხის მიმართ “– ნათქვამია RT–ს განცხადებაში. მარეგულირებლის განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ ის აპირებს დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას და მხოლოდ ამის შემდეგ მოითხოვოს ჯარიმის გადახდა.ჯარიმასთან ერთად რუსულ სახელმწიფო ტელეარხს დაეკისრა მაყურებლისთვის Ofcom–ის გადაწყვეტილების გაცნობა იმ ფორმით და იმ ვადებში, რომელსაც რეგულატორი დაადგენს.