70 წელს გადაცილებული ბრიტანელები ვალდებული იქნებიან სახლში დარჩნენ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში , რათა თავი დაიცვან კორონავირუსისგან. ამის შესახებ ხელისუფლების ოფიციალური გადაწყვეტილება ახლო მომავალში გამოცხადდება – თქვა ჯანდაცვის მინისტრმა მეტ ჰენკოკმა ბიბისისთან ინტერვიუში და სხვა დეტალები არ დააკონკრეტა. მისი განცხადებით, საქმე ეხება “დროის ძალიან დიდ შუალედს“ და ხელისუფლებას ესმის, რომ ძალიან ბევრს მოითხოვს ადამიანებისგან.
ეს ზომები არ ვრცხელდება შოტლანდიაზე, სადაც ავტონომიის ხელისუფლება არ აპირებს მსგავსი ზომები შემოიღოს. იქ უბრალოდ ხანდაზმულ ადამიანებს სოციალური აქტივობის შემცირებას თხოვენ.
მინისტრის თქმით ბრტანეთს საომარი პერიოდის მსგავსი ზომები ელის: სასტუმროები შეიძლება დროებით საავადმყოფოებად გადაკეთდეს, ავტომწარმოებლებს კი სამედიცინო აღჭურვილობის წარმოებას მოთხოვენ. “პანდემიასთან ბრძოლა ყველას შეეხება, ქვეყნის ყველა მოქალაქეს“– თქვა ჰენკოკმა.
ბრიტანეთის მთავრობის ახალი ზომების შესახებ იმ მომენტში გახდა ცხნობილი, როცა ხელისუფლების ეპიდემიასთან ბრძოლის სტრატეგია ზოგიერთმა მეცნიერმა გააკრიტიკა. 200ზე მეტმა მეცნიერმა ღია წერილში მინისტრებს უფრო მკაცრი ზომების გატარებისკენ მოუწოდა კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად. ბრიტანეთის პარლამენტის საიტზე კი გამოჩნდა პეტიცია უფრო მკაცრი ზომების გატარების მოთხოვნით, რომელმაც კვირა საღამოსთვის 215 ათასზე მეტი ხელმომწერი შეაგროვა.
ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ხალხს უფრო მკაფიო რეკომენდაციები ჭირდება ხელისუფლების მხრიდან და პრემიერი ყოველდღე უნდა ესაუბრებოდეს ხალხს, რათა უფრო ნათელი გახდეს მთავრობის გადაწყვეტილებები და გეგმები.
დიდ ბრიტანეთში ამ დროისთვის დაინფიცრებულთა რიცხვმა 1300–ს გადააჭარბა. გარდაცვლილია 35 ადამიანი. პრემიერი ჯონსონი აპირებს ბრიტანულ კომპანიებს მოუწოდოს უფრო მეტი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები და სხვა სამედიცინო აღჭურვილობა აწარმოონ რაც შეიძლება სწრაფად, რათა ჯანდაცვის სისტემას ეპიდემიასთან ბრძოლაში დაეხმარონ. გარდა ამისა, ხელისუფლება იჯარით აიღებს ათასობით საწოლ ადგილს კერძო საავადმყოფოებში თუ საჭიროება მოითხოვს.