ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი, გევინ უილიამსონი თანამდებობიდან გადააყენეს. მიზეზი გამოძიების შედეგები გახდა დახურული მოლაპარაკებიდან ინფორმაციის გაჟონვის საქმეზე.
„პრემიერ–მინისტრმა დღეს საღამოს სთხოვა გევინ უილიამსონს მთავრობა დატოვოს, რადგან ის აღარ არის დარწმუნებული, რომ მას შესწევს უნარი თავდაცვის მინისტრის პოსტზე იმუშაოს“–ნათქვამია ბრტანეთის მინისტრთა კაბინეტის განცხადებაში.
მთავრობაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება გამოძიების შედეგების გათვალისწინებით მიიღეს. საქმე ეხება ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს მოლაპარაკებებიდან ინფორმაციის გაჟონვას. მოლაპარაკებებზე ჩინურ კომპანია ჰუავეისთან 5G ქსელის შექმნისთვის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილებოდა.
ინფორმაციის გაჟონვა 24 აპრილს მოხდა. კერძოდ, გახმაურდა ინფორმაცია, რომ ჰუავეის პროდუქცია 5G ქსელის შექმნისას მხოლოდ “არაკრიტიკული“ კომპონენტების კონსტრუქციებში იქნება გამოყენებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ჰუავეისგან არ შეიძენენ აპარატურას, რომელსაც შეუძლია მობილური მოწყობილობის იდენტიფიცირება და გადაწყვეტა, საით უნდა მიმართოს სატელეფონო ზარი და გადასცეს მონაცემები.
ჩინურ კომპანიასთან ბრიტანეთის თანამშრომლობის წინააღმდეგ აქტიურად გამოდიოდნენ აშშ და ზოგიერთი მინისტრი. ისინი თვლიდნენ, რომ ეს შესაძლოა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყოფილიყო საშიში.
ინფორმაციის გაჟონვამ ბრიტანულ მედიაში ნამდვილი სკანდალი გამოიწვია, რადგან ნაციონალური უშიშროების საბჭოს სხდომებზე ის მინისტრები იკრიბებიან, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებაზე ასე თუ ისე არიან პასუხისმგებელი და ეს სხდომები მკაცრად კონფიდენციალურია. ამ კონკრეტულ სხდომას ცხრა ადამიანი ეწრებოდა. უილიამსონმა ერთ–ერთმა პირველმა განაცხადა, რომ ის და მისი გუნდი გაჟონვაში დამნაშავეები არ ყოფილან.
პოლიტიკოსთა ნაწილმა მომხდარის სისხლის სამართლებრივი გამოძიება მოითხოვეს, ჟურანლისტები კი აცხადებდნენ, რომ ეს სიტყვის თავისუფლების პრინციპის დარღვევა იქნებოდა. შიდა გამოძიების ინიცირება ტერეზა მეის ერთ–ერთი თანაშემწის მხრიდან მოხდა.
თავად უილიამსონი კვლავ უარყოფს, რომ ინფორმაციის გაჟონვა მისი მხრიდან მოხდა. თუმცა, როგორც უილიამსონის გადაყენების შესახებ ტერეზა მეის წერილშია ნათქვამი “სხვა რეალური ვერსია, თუ როგორ შეიძლებოდა გაჟონვა მომხდარიყო, არ არსებობს.“
ტერეზა მეი პირადად შეხვდა უილიამსონს ოთხშაბათს და უთხრა, რომ ის ფლობს სარწმუნო მტკიცებულებებს, რომლებიც მის ბრალეულობას ადასტურებს.