20 ივნისის საქმეზე მსჯავრდებულ ზურაბ ბუდაღაშვილის განცხადებით, მან ბრალი ფორმალურად აღიარა, თუმცა, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებს სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ განუცხადა.
“უბრალოდ, ციხეში ჯდომას აზრი აღარ ჰქონდა, იმიტომ, რომ პოლიტიკური ელფერი მიიღო. აზრი აღარ ჰქონდა ციხეში ჯდომას, თავს დამნაშავედ არ მივიჩნევ“, – განაცხადა ბუდაღაშვილმა.
ცნობისთვის, სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ პირებსა და პროკურატურას შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა და ისინი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ.
მოსამართლე მაია კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, კახაბერ კუპრეიშვილს, ცოტნე სოსელიას და ზურაბ ბუდაღაშვილს 3-3 წლით პირობითი მსჯავრი და 2000-2000-ლარიანი ჯარიმა განესაზღვრათ.