ბულგარეთი ორ რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

ბულგარეთმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ორი რუსი დიპლომატი და მათ ქვეყნიდან აძევებს. მიზეზი შპიონაჟში ბრალდებაა. თავის ეჭვებზე ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურმა პროკურატურამ აცნობა.

ბულგარეთში რუსეთის საელჩოს ინფორმაციით მათი თანამშრომლები ქვეყანას ნოტაში მითითებულ ვადებში დატოვებენ. საელჩო აცხადებს, რომ არანაირი მტკიცებულება არ მიუღიათ, რომლებიც გაძევებული თანამშრომლების ისეთ საქმიანობას დაადასტურებდა, რომელიც მათ დიპლომატიურ სტატუსს არ შეესაბამება. საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული მხარე საპასუხო ზომების უფლებას იტოვებს.

შპიონაჟში ეჭვმიტანილთა გვარები არ სახელდება. ბულგარეთის პროკურატურის მონაცემებით ერთ–ერთი მათგანი ამ საქმიანობით 2017 წლიდან იყო დაკავებული, მეორე კი 2018 წლიდან.

ერთი მათგანი ბულგარეთის საარჩევნო პროცესის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვით იყო დაკავებული. პროკურატურის განცხადებით დადგენილია, რომ რუსეთის მოქალაქეს დიპლომატის სტატუსი ქონდა, ის ბულგარეთში კრედიტებული იყო ბულგარეთში რუსეთის საელჩოს საკონსულო განყოფილების პირველი მდივნის სტატუსით. თანამდებობის მითითების მიუხედავად მისი იდენტიფიცირება ძნელია, რადგან ბულგარეთში რუსეთის საელჩოს საიტის ინფორმაციით მსგავს თანამდებობას ცხრა ადამიანი იკავებს.

მეორე დიპლომატი კი პროკურატურის ცნობით აგროვებდა ცნობებს, რომლებიც ენერგეტიკის და ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში სამსახურეობრივ და სახელმწიფო საიდუმლოს შეიცავდა. შემდეგ კი ამ ინფორმაციას მოსკოვში რუსეთის სადაზვერვო სამსახურში აგზავნიდა. მეორე ეჭვმიტანილიც დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობდა, რადგან სოფიაში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობის თანამშრომელი იყო.

დაკავებულების მიმართ სისხლის სამართლებრივი საქმის წარმოება მათი დიპლომატიური იმუნიტეტის გამო შეწყდა. მათ მიმართ წინასასამართლო ძიება მიმდინარეობს.

კრემლი აცხადებს, რომ ამ გამოძიების შესახებ არაფერი იციან.