კანადურ–ამერიკული კომპანია Restaurant Brands International–ის ხელმძღვანელი, რომელიც სწრაფი კვების რესტორნების ქსელს, Burger King–ს ფლობს, თანამშრომლებისთვის მიწერილ წერილში განმარტავს, რატომ არ შეუძლია რუსეთში ბიზნესის გაჩერება სურვილის მიუხედავად.
კომპანიის დირექტორი, დევიდ შირი წერს, რომ სათაო კომპანია რუსეთში ერთობლივ საწარმოში წილის 15%–ს ფლობს. ამავე დროს კომპანიაში წილს ფლობენ უკრაინული საფინანსო ჯგუფი ICU და რუსული ინვესტბანკი ВТБ Капитал. ამასთან, არცერთ მხარეს არ აქვს საკონტროლო პაკეტი რუსულ Burger King–ში, რომელიც რუსეთში 800 რესტორანს ფლობს.
შირის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მათმა კომპანიამ რუსი პარტნიორებისგან Burger King–ის რესტორნების მუშაობის შეჩერება მოითხოვა, თუმცა უარი მიიღო. ამის შემდეგ კომპანიამ მისი წილის გაყიდვის პროცესი დაიწყო, რომელსაც გარკვეული დრო დაჭირდება.
“გვინდოდა სასწრაფოდ შეგვეწყვიტა Burger King–ის ყველანაირი ოპერირება რუსეთში, მაგრამ მუშაობის იძულებით შეჩერება არ შეგვიძლია. თუმცა, გვინდა გამჭვირვალეები ვიყოთ ჩვენს ქმედებებში და განვმარტოთ, რა ნაბიჯები გადავდით “–ნათქვამია წერილში.
შირი ყვება, რომ კომპანიამ სრულად შეაჩერა ყოველგვარი კორპორატიული მხარდაჭერა რუსული ბაზრისთვის, ასევე ვალდებულება აიღო ბიზნესიდან მიღებული ნებისმიერი მოგება, მათ შორის საკუთრებაში წილის ჩათვლით, გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს გადასცეს. კომპანიამ ლტოლვილთა დახმარებისთვის 1 მილიონიანი შემოწირულობაც გაიღო.