ცემა, დამცირება, შიმშილი…36 წლის ქალმა ქმრის ძალადობის გამო თავი მოიწამლა

გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაუდებელი დახმარების ჯგუფმა შეიყვანა 36 წლის ქალი, რომელსაც ფაქტობრივად, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ნიშნები ჰქონდა. უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი საკუთარი საცხოვრებელი სახლის სარდაფში ნახეს. თვითმკვლელობა ქალმა მას სცადა, რაც  ქმარმა სარდაფში გამოკეტა და  ფიზიკურად იძალადა.

45 წლის მამაკაცი, რომელიც საკუთარ ცოლზე სისტემატურად ძალადობდა, დაკავებულია. ის ცოლს სცემდა, სარდაფში ამწყვდევდა, აშიმშილებდა და ეს ყველაფერი მცირეწლოვანი ბავშვის თვალწინ ხდებოდა.

სოფელ შინდში ამის შესახებ, როგორც ჩანს, იცოდნენ, თუმცა დუმილს ამჯობინებდნენ. ამბავი მხოლოდ მას შემდეგ გახმაურდა, რაც ძალადობის მსხვერპლმა ქალმა თავი მოიწამლა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.

20 წლიანი თანაცხოვრების მანძილზე, ქმრისგან ცოლზე ძალადობის ფორმები უმძიმესი იყო. უკვე დაწყებული გამოძიების მიმდინარეობის დროს, მეზობლები ისევ დუმილს ამჯობინებენ და დეტალებს მხოლოდ პირად საუბრებში ყვებიან.

სავარაუდო მოძალადესაც და მსხვერპლსაც ორი შვილი ჰყავთ, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. არსებული ინფორმაციით, ქალზე ფიზიკური ანგარიშსწორებაც სწორედ შვილების თანდასწრებით ხდებოდა, რასაც ბევრი თვითმხილველი ჰყავდა. გამოძიებას დაკავებულის დანაშაულის მამხილებელი ჩვენება  აქვს, თუმცა თავად დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. 

დაკავებულის ოჯახი ქალს, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, ძალადობის პროვოცირებაში ადანაშაულებს. ამას ამტკიცებენ იმით, რომ 45 წლის მამაკაცი რამდენიმე ინციდენტის დროს პოლიციაში თავად მივიდა და სამართალდამცველებს ოჯახური ძალადობის ამბავზე რეაგირება სთხოვა.

გამოძიებამ უკვე დაკითხა ქალი, რომლის მდგომარეობა ექიმების ჩარევის შემდეგ დასტაბილურდა.

გამოძიება დაკავებულს სამი  მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება. ასევე, სავარაუდოა, რომ მოკვლევა დაიწყოს იმ ადამიანების წინააღმდეგაც, რომელთაც დანაშაულის შესახებ ინფორმაცია ქონდათ, თუმცა დანაშაულს მალავდნენ.