“ჩაწყობილი მატჩების“ სკანდალი ესპანეთში. სპეცოპერაციის შედეგად რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი დააპატიმრეს

ესპანეთის პოლიციამ 11 ადამიანი, მათ შორის პირველი და მეორე დივიზიონის ფეხბურთელები დააკავა “ჩაწყობილი მატჩების“ ორგანიზებასთან დაკავშირებული საქმის ძიების ფარგლებში. ესპანური მედიის ინფორმაციით მათ დანაშაულებრივი ჯგუფის შემქმნაში და საფეხბურთო მატჩებზე ფსონების დადების გზით დიდი რაოდენობით მოგების მიღების ორგანიზებაში ადანაშაულებენ.
El Mundo პოლიციაში სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დაკავებულთა შორის არიან: რეალის ყოფილი ფეხბურთელი, რაულ ბრავო, ვალიადოლიდას ყოფილი მოთამაშე, ბორხა ფერნანდესი, ესპანეთის პირველი დივიზიონის კლუბების ყოფილი ფეხბურთელი კარლოს არანდა, ხატაფეს მოთამაშე სამუელ საისი , ასევე ინიგო ლოპეს მონტანია დეპორტივოდან.
“პოლიციის ქმედებები მოჰყვა საჩივრებს შესაძლო გარიგებასთან დაკავშირებით ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩის დროს 2018 წლის მაისში“– განმარტავს ესპანეთის ლა ლიგას წარმომადგენელი.
ტურნირის ორგანიზატორთა მონაცემებით საქმე შეიძლება ეხებოდეს რვა შესაძლო “გარიგებული თამაშის“ შემთხვევას.
ჯგუფის სავარაუდო მონაწილეების წინააღმდეგ სპეცოპერაცია დღეს დილით დაიწყო.
2018-2019 წლების სეზონის დროს ლა ლიგამ სასამართლო პოლიციის გენერალურ კომისარს რვა საჩივრით მიმართა სავარაუდო “გარიგებული თამაშების“ ალბათობასთან დაკავშირებით ესპანეთის ფეხბურთის ქვედა დივიზიონებში და საერთაშორისო ამხანაგურ თამაშებში. – ნათქვამია ესპანეთის პრემიერ ლიგის განცხადებაში.
ესპანური მედიის ინფორმაციით დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერი სავარაუდოდ რაულ ბრავოა. გამოძიების ინფორმაციით დაკავებულები ფსონების დასადებად ახლო ნათესავებს იყენებდნენ, კერძოდ, კი საქმის ერთ–ერთი ფიგურანტი კარლოს არანდას მამაა.
ოპერაციის ფარგლებში პოლიციამ ესპანეთის საფეხბურთო კლუბ უესკის პრეზიდენტი, აგუსტინ ლასაოსა და კლუბის სამედიცინო სამსახურის უფროსი, ხუან კარლოს გალინდო ლანუზაც დააკავა.
მედიის ინფორმაციით გამოძიება 2018 წლის 27 მაისს უესკისა და კატალონიურ კლუბ ხიმნასტიკის მატჩის შემდეგ დაიწყო, რომელიც კატალონიური გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 1:0 დამთავრდა.
მატჩის დროს 57 დან 30–მა ბუკმეკერმა ფსონები შეაჩერა მას შემდეგ, რაც დააფიქსირა, რომ უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ფსონები და მსხვილი თანხები იყო დადებული იმაზე, რომ შესვენებამდე ანგარიში 0:0 იქნებოდა, თუმცა საბოლოოდ მატჩი ხიმნასტიკის გამარჯვებით დამთავრდებოდა, რაც საბოლოოდ ასეც მოხდა.