ჩემმა მეუღლემ შენიშნა ადამიანი აგრესიული მზერით ჩემს მიმართ-ოხანაშვილი ბაკურიანში მომხდარი ინციდენტის დეტალებზე საუბრობს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი  ბაკურიანში მომხდარ ინციდენტს იხსენებს.

ანრი ოხანაშვილი ფიზიკურ დაპირისპირებას უარყოფს.

„შევედით კაფეში. შევნიშნეთ ადამიანი, უფრო სწორად ჩემმა მეუღლემ შენიშნა ადამიანი აგრესიული მზერით ჩემს მიმართ, რაზეც ჩემს მეუღლეს ვთხოვე, რომ ყურადღება არ მიექცია. ეს ადამიანი დაჟინებული მზერით გვაკვირდებიდა, ჩვენი მაგიდის გარშემო ტრიალებდა, შემდგომ დაიწყო გასვლა გარეთ, რამდენიმე წუთში დაბრუნდა ისევ უკან და კიდევ დაჟინებული მზერით ყურების შემდგომ დაჯდა გვერდით მაგიდასთან და დაიწყო ხმამაღლა ძალიან ბინძური, შეურაცხმყოფელი სიტყვებით საუბარი პირადად ჩემი პოლიტიკური საქმიანობის გამო და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ. იყო რა თქმა უნდა, მუქარაც, ბავშვებთან დაკავშირებით. ჩემი მთავარი ამოცანა რაც იყო, ბავშვები და მეუღლე გამერიდებინა სიტუაციას. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ არ შევსულიყავი ამ ადამიანთან რაიმე ფიზიკურ შემხებლობაში ან დაპირისპირებაში და მაქსიმალურად პირველი ამოცანა იყო ბავშვები გამერიდებინა სიტუაციას. ეს გავაკეთე. ხალხის ნაწილი გარბოდა, იმიტომ, რომ ეს ადამიანი იყო ძალიან აგრესიული, იგინებოდა, ილანძღებოდა და ნაწილმა სცადა მისი შეჩერება, ვინაიდან კაფის მუშაობა პარალიზებული გახდა.

ფაქტი აღიკვეთა, ეს პიროვნება დაკავებულია, თუმცა ჩემი ინფორმაციით, ეს პიროვნება დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის და არა ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. მე გამოვიკითხე, მივეცი ჩვენება, მეც და ჩემი ოჯახის წევრმა, ჩემმა მეუღლემ. ამ საკითხს მე ვუყურებ სამართლებრივად, ჩემი თმენის ვალდებულება მეტის უფლებას არ მაძლევს, რომ პოლიტიკურ შეფასებაში შევიდე. ეს პიროვნება ფაქტია, რომ პოლიტიკურად ანგარიშსწორებას ცდილობდა.ამ ადამიანს არ ვიცნობ, არასდროს შევხვედრივარ. გარკვეული ინფორმაციები ეტაპობრივად გავიგე მეც, ისევე როგორც თქვენ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.