ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე, დახმარებას ითხოვს. ისინი ქალაქ იანგჯოუში არიან და ფრენების გადადების გამო საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. ინფორმაციას ამის შესახებ „იმედი“ ავრცელებს.
ჩინეთში საქართველოს ელჩის, არჩილ კალანდიას განცხადებით, ქართველებმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არსებულ საქართველოს საელჩოს უკვე მიმართეს და საჰაერო ფრენების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
„ჩემი ინფორმაციით, მათ მიმართეს საკონსულოს ცხელ ხაზს და კონსულმა მათ მიაწოდა შესაბამისი ინფორმაცია ფრენების შესახებ. მოგეხსენებათ, ფრენები ჩინეთის მიმართულებით თითქმის შეწყვეტილია, მხოლოდ რამდენიმე ავიაკომპანია დაფრინავს. საელჩოს არ აქვს იმის საშუალება, რომ რომელიმე მოქალაქეს ბილეთი უყიდოს ან სხვა ფინანსური დახმარება გაუწიოს“, – აცხადებს არჩილ კალანდია.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში, კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 636-ს მიაღწია.