ტესტები, რომელასაც საქართველო ჩინური კომპანია Shenzhen Bioeasy Technology-სგან იძენდა, უვარგისი აღმოჩნდა.
1 182 500 დოლარის ხელშეკრულება ქართულმა მხარემ კომპანიასთან 23 მარტს გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, საქართველო 215 000 ტესტს, ცალს 5.5 დოლარად ყიდულობდა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ხელშეკრულება ანულირებულია და ტესტებს საქართველო აღარ შეიძენს. გაბუნია ამბობს, რომ თავად კომპანია დაუკავშირდათ და განგაშის შეტყობინება გამოსცა იმის შესახებ, რომ ტესტები წუნდებულია.
ესპანეთის ჯანმრთელობისა და საგანგებო სიტუაციების საკოორდინაციო ცენტრის დირექტორის თქმით, ამ კომპანიიდან შეძენილი კორონავირუსის 340 000 სწრაფი ტესტიდან 9000 უხარისხო აღმოჩნდა.
ესპანური გამოცემა Elpais წერს, რომ ესპანეთში ჩატარებული კვლევების თანახმად, სწრაფი ტესტების მგრძნობელობა მხოლოდ 30%-ია. ,,ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩინური კომპანიის ტესტს ინფიცირებული ადამიანების მხოლოდ 30%-ში შეუძლია კორონავირუსის აღმოჩენა, მაშინ როდესაც ამ ტესტების სიზუსტე 80%-ზე მაღალი უნდა ყოფილიყო”.
თამარ გაბუნიას თქმით, ამ დროისთვის ჩინურ კომპანიასთან თანამშრომლობა აღარ გრძელდება და მიმდინარეობს ალტერნატიული კომპანიის ძებნა ტესტების შემოსატანად.