“ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” გადაღებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მშობელთან ერთად, სახალხო დამცველის ოფისში მივიდა და ნინო ლომჯარიას წარმომადგენელთან შეხვედრა მოითხოვა.
ბრეგაძე აცხადებს, რომ ფილმის რეჟისორმა, ლევან აკინმა ბავშვის უფლება დაარღვია, რადგან ფილმის შინაარსის შესახებ ოჯახი გაფრთხილებული არ იყო.
“ჩვენ დღეს გავაშიშვლეთ სახალხო დამცველი. ეს იყო ჩვენი მისია, რომ მთელი მსოფლიოსთვის გვეჩვენებინა, რომ ეს არანაირი სახალხო დამცველი არ არის, ეს არის გარკვეული პოლიტიკური და სოციალური ჯგუფების დამცველი. ეს არის სახალხო დამცველი კი არა, სახალხო დამრღვევი… ახლა მომისმინე ლომჯარია – დაახლოებით, ერთ კვირაში, რამდენიმე ათას კაცთან ერთად მე მოვალ აქ და შემოვალ ამ ოფისში, ვერავინ ხელს ვერ შემიშლის ჩემი კანონიერი უფლების განხორციელებაში. შენ და შენს ამფსონებს გამოგიყვანთ ამ ოფისიდან და მიგიჩენთ ადგილს იქ, სადაც არის თქვენი ადგილი – ეს არის პოლიტიკური სანაგვე. გადაგაყენებთ დაკავებული თანამდებობიდან იმიტომ, რომ შენ ხარ უნამუსო ადამიანი; შენ ხარ მოძალადე; შენ ხარ კანონდამრღვევი და ახლა გინდა დაიმალე, გინდა მაგიდის ქვეშ შეძვერი. ერთ კვირაში ვაანონსებ “ქართული მარშის” და გაერთიანებული ეროვნული ძალების გრანდიოზულ აქციას სახალხო დამცველის ოფისთან”, – განაცხადა ომბუდსმენის ოფისში ბრეგაძემ.
არასრულწლოვნის მამა, ზურაბ ღვინიაშვილი აცხადებს, რომ თავს მოტყუებულად გრძნობს, რადგან მისი თქმით, მას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ფილმს ქართულ ტრადიციებზე იღებდნენ.