“ჩვენ ვუცხადებთ საპასუხო ომს ბიძინა ივანიშვილს”-ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მთელი ოჯახი მერვე წელია ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ არა როგორც მეორე ხარისხოვანიმოქალაქეები, არამედ, როგორც მიზანში ამოღებული საზარბაზნე ხორცი, აქამდე ძირითადად ეს ჩემს წინააღმდეგ ვლინდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, არანაირი წითელი ხაზები უკვე ფსიქოპატური მებრძოლი რეჟიმის წინააღმდეგ არ არსებობს და ყველა ლოგიკურად შემაკავებელი ხაზი გადაკვეთილია.ჩემი ოჯახი განუწყვეტელი თვალთვალის, ზემოქმედების და საფრთხის წინაშეა ამ ხელისუფლების გამო.
ერთ-ერთი საქმე ეხება მანქანას, რომელიც ჩვენი ოჯახის სარგებლობაში იყო, არც დაგვიმალავს, სარგებლობდნენ მეუღლე და ბავშვები. ცხადია, ამაში დანაშაულებრივი არაფერია, ნასყიდობის ხელშეკრულებით მოხდა. პროკურატურას უნდა დაედგინა, არის თუ არა ჩვენი ოჯახის საკუთრებაში, ეს მანქანა ჩვენს სადგომზე იდგა. არსებობდა საჯარიმო კადრები, სადაც ჩანს, სოფო როგორ მართავს მანქანას.
მიუხედავად ამისა, გამოიტანეს ამ საკუთრების დასადგენად თვალთვალის გამოყენების დადგენილება. პირობას ვაძლევ ყველას, ყველა დონეზე გადაწყვეტილების მიმღებს – აუცილებლად გარდაუვლად და მძიმედ დავსჯი. ჩემს მეუღლეს 28 დღის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. აღწერილია მისი და არა მანქანის გადაადგილებები. სულ ორში ფიგურირებს ის მანქანა, დანარჩენია ან ჩემი, ან ჩვენი მეგობრების. როცა ადამიანი სამსახურში მიდის, იქ ელოდებიან და უთვალთვალებენ, მანქანა რა შუაშია, რომელიც თითქოს უნდა დადგინდეს?!
ჩვენ რომ გვისმენენ და გვითვალთვალებენ ძალიან კარგად ვიცით, ეს გრძელდება 7 წელია. გვიგზავნიან ჩემი შვილების ვიდეოკადრებს, უკვე ოფიციალურს. მე მგონია, რომ ეს არის საომარი მოქმედებები საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩვენმა ოჯახმა ომის გამოცხადება უკვე დიდი ხანია მიიღო და დღეს საბოლოოდ ვაცხადებთ: ჩვენ ვიღებთ გამოწვევას, ჩვენ შევდივართ ომში. ჩვენ საპასუხო ომს ბიძინა ივანიშვილს ვუცხადებთ და ამ ომში მას დავამარცხებთ, ჩვენ მას ამ ომში დავამარცხებთ, როგორც ადამიანები, რომლებიც ვისჯებით სიმართლისთვის, ჩვენი პოზიციისტვის, ჩვენი სიმტკიცისთვის და ჩვენი ქვეყნის სიყვარულისთვის“, – ამბობს გვარამია.