“ჩვენ ყველაზე ხმამაღლა ვტყუით”- ჟურნალისტები ირანის სახელმწიფო ტელევიზიას ტოვებენ

ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის სულ მცირე ორმა თანამშრომელმა სამსახური დატოვა და 13-წლიანი ტყუილისთვის ბოდიში მოიხადა. ამის შესახებ ინფორმაციას Guardian ავრცელებს.

ირანელი ჟურნალისტების ასოციაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ცრუ ინფორმაციის გამოქვეყნებას მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა მოსახლეობის აზრზე და შეარყრია მედიის პოზიცია:„ჩემთვის ძალიან რთული დასაჯერებელი იყო, რომ ჩვენი ხალხი დაიხოცა. მაპატიეთ, რომ ეს ძალიან გვიან გავიგე. და მომიტევეთ იმ 13 წლისათვის, როდესაც ტყიულებს გეუბნებოდით. ჩვენ ყველაზე ხმამაღლა ვტყუით მაშინ, როდესაც საკუთარ თავს ვატყუებთ. ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო მედიის თანამშრომლებმა აღიარეს, რომ მათდამი ნდობა დაიკარგა, თუმცა არ იციან, რომ ამ მედიის და ადგილობრივი მედიების უმეტესობის სანდოობა დიდი ხანია გამქრალია. უნდა აღინიშნოს, რომ სხვა მედიები აპროტესტებდნენ ამ სიტუაცია, მაგრამ სახელმწიფო მედია მას მხარს უჭერდა“- დაწერა გელარ ჯაბარიმ.

შეგახსენებთ, რომ 3 იანვარს ერაყში აშშ-ის საჰაერო თავდასხმის შედეგად მოკლეს ირანის რევოლუციური გვარდიის ყუდსის დანაყოფის მეთაური გენერალი ყასემ სოლეიმანი.

8 იანვარს ირანულმა რაკეტამ თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ ჩამოაგდო უკრაინის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი, რასაც 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდაპირველად ირანი უარყოფდა ავიაკატასტროფაში მონაწილეობას და სახელმწიფო მედია ავრცელებდა ცნობებს იმაზე, რომ თვითმფრინავს ტექნიკური პრობლემები ჰქონდა და აფრენიდან მალევე ცეცხლი გაუჩნდა. სიმართლეს არც ეს შეესაბამებოდა.

ირანმა თვითმფრინავის ჩამოგდება მხოლოდ 11 იანვარს აღიარა და შეცდომისათვის ბოდიში მოიხადა, თუმცა ამ დრომდე ირანის ქუჩებში აქციები არ წყდება. პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და ცეცხლსასროლი იარაღიც კი გამოიყენა.