საოკუპაციო რეჟიმი ერთადერთ გამშვებ პუნქტს კეტავს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოსახლეობას ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან აკავშირებს.
საახალწლო დღეებში, აღარ იმუშავებს ქარძმანი-პერევის გადასასვლელი. უკანონო გადაწყვეტილების მიზეზად, საოკუპაციო რეჟიმი უსაფრთხოებას ასახელებს.
მას შემდეგ, რაც უკვე მეოთხე თვეა ახალგორი ჩაკეტილია და უკიდურესად მძიმე პირობებში დარჩენილი მოსახლეობა რეჟიმის მძევალია, ეს ერთადერთი ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტი იყო, რომლითაც საჩხერის რაიონში ადგილობრივები სარგებლობდნენ.
ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მხრიდან, ბოლო წლებში ტრადიციად იქცა, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას და ჰუმანიტარულ კრიზისს იწვევს, რადგან ვერ ხერხდება მათი გადმოსვლა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სამკურნალოდ თუ სხვა პირადი საჭიროებებისთვის.