CNN:ომის შემდეგმა ფაზამ შეიძლება მისი ბედი გადაწყვიტოს

უკრაინაში ომი მორიგ გარდამტეხ წერტილს მიუახლოვდა, და ორივე მხარის მებრძოლები საბრძლო მოქმედებების მესამე აქტისთვის ემზადებიან, რომელმაც შეიძლება კონფლიქტის ბალანსი გადატეხოს – წერენ ტელეკომპანია CNN–ის ჟურნალისტები ანალიტიკურ სტატიაში.

“ეს ძალიან გაჭიანურებული ბრძოლაა. ეს არის ბრძოლა ორ არმიას შორის, რომლებმაც უზარმაზარი დანაკარგები ნახეს და გამოფიტვასთან ძალიან ახლოს არიან“– ამბობს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვითი კვლევების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი ჯასტინ ბრონკი დონბასში სამთვიანი ბრძოლების შემდეგ არსებული ვითარების აღწერისას.

მოსალოდნელია, რომ რუსეთის პრეზიდენტის შემდეგი ნაბიჯი დონეცკის ოლქზე შეტევა იქნება, რომლის აღება მთელი დონბასის აღებას უდრის, სადაც 2014 წლიდან რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული დაჯგუფებები არიან.

თუმცა, როდის და როგორ მოხდება ეს, ჯერჯერობით უცნობია. იმ დროს, როცა რუსეთი ინტენსიურ საჰაერო დარტყმებს განაგრძობს, რუსეთის სახმელეთო ძალებს ოპერატიული პაუზა აქვთ.

ამან შეიძლება უკრაინულ არმიას მომზადების დრო მისცეს დონეცკის ოლქის იმ ნაწილებში, რომლებსაც ჯერ კიდევ ინარჩუნებს, ძირითადად სამრეწველო ზოლში, რომელიც სლავიანსკიდან სამხრეთით მიდის. ასევე ნარჩუნდება უკრაინელების კონტრშეტევის ალბათობა ქვეყნის სხვა ნაწილებში, მათ შორის ხერსონში.

სრულმაშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების შემდეგი ფაზა, როცა ის დაიწყება, შეიძლება არ აღმოჩნდეს უკანასკნელი, თუმცა შეიძლება მან განსაზღვროს უკრაინის ცენტრალური რეგიონის მომავალი  და ანალიტიკოსების აზრით, მნიშვნელოვანწილად განსაზღვროს ომის შედეგები– წერს CNN.

ექსპერტების აზრით, თუ პუტინი დონბასს აიღებს, ეს არ ნიშნავს, რომ ის უკრაინაში ომს შეწყვეტს.

“არ ვფიქრობ, რომ რუსეთის ამბიციები სრულად გაქრა. მათ მართლაც განზრახული აქვთ დონბასზე სრული კონტროლი მოიპოვონ, თუმცა თუ აქ წარმატებას მიაღწევენ, შეეცდებიან კიდევ უფრო მეტი წარმატება მოიპოვონ.“– ამბობს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ევროპული პროგრამის დირექტორი, მაქს ბერგმანი.

თუ პუტინი დონბასის საზღვრებს მიღმა გადავა, მან შეიძლება გადაწყვიტოს დნეპრის ნაპირებისკენ წაიწიოს წინ, რომელიც უკრაინას ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ ჰყოფს. ეს კი ქვეყნის ნახევრის დაპყრობის მცდელობას ნიშნავს, რაც დასავლეთის აღშფოთებას გამოიწვევს და მნიშვნელოვნად გაახანგრძლივებს ომს– ნათქვამია სტატიაში.