CNN-ის გადამღები ჯგუფი, სოლედარიდან უკრაინული ნაწილების ორგანიზებულ გაყვანას შეესწრო

ამერიკული ტელეკომპანია CNN–ის გადამღები ჯგუფი სოლედარიდან უკრაინული ნაწილების ორგანიზებულ უკანდახევას შეესწრო. ტელეკომპანია იტყობინება, რომ როგორც ჩანს, უკრაინული ჯარები სოლედარის ორგანიზებულად დატოვებას გეგმავენ. სიენენის გადამღები ჯგუფის ინფორმაციით გამოყვანილ ჯარისკაცებს შორის არანაირი პანიკა არ შეიმჩნეოდა.

მოგვიანებით ტელეკომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის ჯარები კვლავ რჩებიან სოლედარის განაპირას. ბახმუტში დისლოცირებულმა უკრაინელმა ჯარისკაცმა სიენენის კორესპონდენტს უთხრა, რომ უკრაინული ქვედანაყოფები კვლავ იმყოფებიან ქალაქ სოლედარის განაპირას, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსული ძალების ინტენსიური თავდახსმის ქვეშ იყო.

77-ე და 46-ე ბრიგადების მედესანტეები “ჯერ კიდევ სოლედარის დასავლეთ გარეუბანში არიან”, – თქვა ტარას ბერეზოვეცმა, უკრაინის სპეცრაზმის პირველი ბრიგადის კაპიტანმა.

თუმცა, დასძინა, რომ სოლედარში დარჩენას არანაირი სამხედრო აზრი არ აქვს, რადგან ის “მთლიანად განადგურდა. არ არსებობს არც ერთი შენობა, რომელიც გადაურჩა რუსეთის დაბომბვას”.

ფრონტზე მყოფ ქვედანაყოფებს შორის საბრძოლო სულისკვეთება კვლავ მაღალია, თქვა მან, მაგრამ დასძინა, რომ მისი აზრით, გადაწყვეტილებას სოლედარიდან უკრაინული ძალების გაყვანის შესახებ უახლოეს დღეებში მიიღებენ.

ახლა, მისი თქმით, ქვედანაყოფები ხედავენ, რომ მათი მისია რაც შეიძლება დიდხანს დაეკავებინათ ქალაქი და რაც შეიძლება მეტი ვაგნერელი მებრძოლი მოეკლათ, შესრულებულია.

მისი თქმით, ბოლო ორი კვირის სოლედარში ძირითადად ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობდა 4–8 კაციან ჯგუფებს შორის.

სოლედარიდან გასვლა გავლენას არ მოახდენს უკრაინული ძალების უნარზე, მოამარაგონ ბახმუტი, რომელიც რამდენიმე კილომეტრშია სამხრეთ-დასავლეთით, ამბობს ბერეზოვეცი და დასძენს, რომ ბახმუტის ორი მთავარი გზა უკრაინელების ხელში რჩება და უკრაინული საბრძოლო თვითმფრინავები ბახმუტის მახლობლად რუსულ პოზიციებს დღესაც უტევდნენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა დღეს განაცხადა რომ ოკუპანტების ტაქტიკური წინსვლა ვერ შეცვლის რუსეთის სტრატეგიულ მარცხს.

“ფრონტზე ოკუპანტების ტაქტიკური წინსვლა ვერ შეძლებს შეცვალოს რუსეთის სტრატეგიული მარცხი და მთლიანად ომის მიმდინარეობა”, – თქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა. მისი თქმით დონბასში სასტიკი ბრძოლები გაგრძელდება და ამას ორივე მხარის წარმატებები და მარცხი მოჰყვება.

“რუსეთის ნებისმიერი შემდგომი წარმატება, თუნდაც სამხედრო პერსონალის და აღჭურვილობის თვალსაზრისით, ვერასოდეს შეცვლის ამ ომის მიმდინარეობას. ვერც ერთი ტაქტიკური წინსვლა ვერ შეაჩერებს სტრატეგიულ წარუმატებლობას, რომელსაც პრეზიდენტი პუტინი და მისი ძალები შეხვდნენ ამ ომის პირველივე დღეებიდან და სტრატეგიულ წარუმატებლობას, რომელიც მხოლოდ უკრაინის ეფექტური კონტრშეტევის შედეგად გამწვავდა”, – განაცხადა პრაისმა.

ამასთანავე აშშ-ს  ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ “მაშინაც კი, თუ ბახმუტიც და სოლედარიც დაეცემა, ეს სტრატეგიულ გავლენას არ მოახდენს თავად ომზე. და ეს ნამდვილად არ შეაჩერებს ან შეანელებს უკრაინელებს”.