უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაარღვიეს რუსების თავდაცვის პირველი ხაზი ზაპოროჟიეს სამხრეთ ფრონტზე და აფართოებენ საჯარისო შემადგენლობას სტრატეგიული ქალაქის, ტოკმაკის მიმართულებით, იუწყება ამერიკული ტელეარხი CNN.
პარასკევს უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ პროგრესი მიღწეულია ორი მიმართულებით – ზაპოროჟიეს რაიონის სოფელ ნოვოპროკოპოვკასკენ და უფრო აღმოსავლეთით დნეპროპეტროვსკის ოლქისკენ სოფელ ოჩერეტოვატოესკენ.
კიევმა სამშაბათს განაცხადა, რომ უკრაინის არმია შევიდა ზაპოროჟიის სოფელ რობოტინოში და ბრძოლა გრძელდება მის სამხრეთით.
ხუთშაბათს, უკრაინის სამხრეთ სარდლობის სპიკერმა ნატალია ჰუმენიუკმა განაცხადა, რომ რუსებს ზაპოროჟიეს რაიონში დამატებით ძალებს გადაჰყავთ ხერსონიდან სამხრეთისკენ დიდი დანაკარგების გამო.
ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა რუსულმა პრო-სამხედრო ტელეგრამ არხმა, WarGonzo-მ, რომელსაც მილიონზე მეტი აბონენტი ჰყავს, დაადასტურა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები რობოტინში არიან გამაგრებული და თავს ესხმიან ნოვოპროკოპოვკას, რომელიც მძიმე დაბომბვის ქვეშ იმყოფება.
პარასკევს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს რაიონის სოფელ რაბოტინოსთან საველე საბრძოლო მასალის საცავი განადგურდა.
ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იური მალაშკომ განაცხადა, რომ რაიონში რამდენიმეკვირიანი ბრძოლის შემდეგ რობოტინში შენობები თითქმის აღარ დარჩა.
„ჩვენი ჯარისკაცები ნელ-ნელა წინ მიიწევენ, მაგრამ დანაღმული ველები, რომლებიც მათ [რუსმა სამხედროებმა] დატოვეს, ძალიან დიდია და მათ გადალახვას დრო სჭირდება“, – თქვა მან.
რაბოტინოს მთლიანად განადგურების შესახებ ასევე გაავრცელა ინფორმაცია ევგენი ბალიცკიმ, რომელიც საოკუპაციო ხელისუფლების მიერ რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად არის დანიშნული.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის პირველი ხაზი სამხრეთ ფრონტზე გადაკვეთეს, – ამის შესახებ აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა მარკ მილიმ განაცხადა.
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გადაკვეთეს თავდაცვის მთავარი პირველი ხაზი ,რომლის მომზადებასაც რუსებმა მრავალი თვე დაუთმეს. ის მოიცავს დანაღმულ ველებს, დრაკონის კბილებს და ტანკსაწინააღმდეგო თხრილებს.
ნაწილობრივი წარმატება მიღწეულია. თავდასხმის სიჩქარე იმაზე ნელი იყო, ვიდრე მე მეგონა, მაგრამ ეს არ არის იშვიათი ომში, რადგან ქაღალდზე ომი განსხვავდება რეალური ომისგან “, – თქვა მილიმ.
გადამდგარი ამერიკელი გენერალი დევიდ პეტრეუსი აღნიშნავს უკრაინის შეიარაღებული ძალების გარღვევას ორეხოვოსა და ველიკაია ნოვოსელკას მახლობლად. მას მიაჩნია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა სამხრეთში შეიძლება მინიმუმ ოთხი თვე გაგრძელდეს.
მისი აზრით, უკრაინულმა ჯარებმა შესაძლოა უფრო სწრაფად დაიწყონ მოძრაობა, ვინაიდან ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის არმიამ თავდაცვის მეორე ხაზიც ისევე მჭიდროდ დანაღმა, როგორც მეორე. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციას არ აქვს დიდი ოპერატიული რეზერვები.