უკრაინამ შეცვალა ზოგიერთი სამხედრო გეგმა აშშ-ს საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების სავარაუდო გაჟონვის გამო, იტყობინება CNN უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით.
CNN-ის წუხანდელ სტატიაში არ არის მოწოდებული ინფორმაციის დეტალები, მაგრამ აღნიშნულია, რომ გაჟონვამ ასევე აიძულა პენტაგონი მიეღო ზომები მგრძნობიარე დოკუმენტების ნაკადის შესამცირებლად, რომლებიც ჩვეულებრივ, ყოველდღიურად მთავრობის ასობით ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი.
შტაბის უფროსების გაერთიანებული კომიტეტი, რომელშიც თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნები შედიან, და რომელიც აშშ-ს პრეზიდენტს უწევს კონსულტაციას, ახლა ათვალიერებს მის ელექტრონული ფოსტის დაგზავნის სიებს ამოწმებს, რათა გაარკვიოს ვინ იღებს საიდუმლო ანგარიშებს, თქვა პენტაგონის წარმომადგენელმა.
ინტერნეტში გავრცელებულ ბევრ დოკუმენტს ქონდა აღნიშვნა, რომელიც მიუთითებდა, რომ ისინი მომზადებული იყო კომიტეტის სადაზვერვო ჯგუფის მიერ, რომელიც ცნობილია როგორც J2, და როგორც ჩანს, ბრიფინგების დოკუმენტებს წარმოადგენდა.
წუხელ პენტაგონმა განაცხადა, რომ აგრძელებს დოკუმენტების ავთენტურობის შემოწმებას და ცდილობს შეაფასოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის მიყენებული ზიანი. აშშ-ს მოკავშირეები ასევე აწარმოებენ შეფასებას და ცდილობენ დაადგინონ, დააზარალა თუ არა გაჟონვამ მათი წყაროები და მეთოდები.
“ჩვენ ველით, რომ აშშ უახლოეს დღეებში გაგვიზიარებს ზარალის შეფასებას, მაგრამ ვერ დაველოდებით მათ შეფასებას. ჩვენ ახლავე ვაკეთებთ საკუთარს”, – განაცხადა ოფიციალურმა პირმა ქვეყნიდან, რომელიც ე.წ. Five Eyes Alliance–ის (აშშ, ავსტრალია, კანადა, ახალი ზელანდია და დიდი ბრიტანეთი) წევრია.
ამავე თემაზე: Reuters: აშშ–ს საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის უკან, სავარაუდოდ, რუსეთი დგას