CNN-ი რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის ვიდეოს ავრცელებს

CNN-ი ავრცელებს, ვიდეოს რომელიც რუსი ჯარისკაცის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობას ასახავს. 

ტელეკომპანია სიენენმა აჩვენა ვიდეო, რომელიც 16 მარტს, კიევის გარეუბანში ავტოსალონშია გადაღებული. ტელეარხი აღნიშნავს, რომ ვიდეოჩანაწერზე ასახულ ფაქტს ამჟამად იძიებენ, როგორც შესაძლო ომის დანაშაულს. ტელეარხმა ასევე დაადგინა გარდაცვლილთა ვინაობა – ერთი მათგანი 68 წლის ლეონიდ პლიაცია, რომელიც ტერიტორიაზე მცვლედა მუშაობდა, მეორე კი ავტოსალონის მფლობელი, რომლის ვინაობა არ სახელდება.

სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ ვიდეოში ხუთი ადამიანი ჩანს, სავარაუდოდ რუსი ჯარისკაცები, რომლებიც ცდილობენ ავტოსალონის შენობაში შეიჭრნან. მათ მაღაზიის მეპატრონე უახლოვდება კიდევ ერთ, ხელებაწეულ ადამიანთან ერთად. სამხედროები მათ ჩხრეკენ, გამოლაპარაკების შემდეგ კი მამაკაცები მიდიან. ამის შემდეგ სამხედროები მათ ზურგიდან უხსნიან ცეცხლს.