CNN: მასკის SpaceX პენტაგონს ატყობინებს, რომ უკრაინის არმიისთვის Starlink–ის მიწოდებას აღარ დააფინანსებს

ილონ მასკის კომპანია  SpaceX –მა პენტაგონი გააფრთხილა, რომ შეიძლება შეწყვიტოს უკრაინაში  Starlink–ის თანამგზავრული ინტერნეტის მისაღებად საჭირო კომპლექტების მიწოდება, თუ პენტაგონი მათ დაფინანსებაში არ დაეხმარება. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN იმ დოკუმენტებზე დაყრდნობით აცხადებს, რომლებიც მას ხელში ჩაუვარდა.

Starlink–ის კომპლექტები უკრაინელი სამხედროებისთვის საბრძოლო მოქმედებების პირობებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდა იმ დროს, როცა მობილური კავშირი არ არსებობდა.

ამ დროისთვის უკრაინას უკვე აქვს Starlink–ის დაახლოებით 20 ათასი კომპლექტი. ილონ მასკმა გასულ კვირას ტვიტერზე დაწერა,რომ მის კომპანიას “ოპერაცია 80 მილიონი დოლარი დაუჯდა და წლის ბოლოსთვის თანხა 100 მილიონს გადააჭარბებს.“

Starlink–ის ინტერნეტი ლიმანში, ფრონტზე

დოკუმენტების თანახმად, რომლებიც ჟურნალისტებს ჩაუვარდათ ხელში,სექტემბერში SpaceX–მა პენტაგონში გაგზავნა წერილი, რომელშიც წერია,რომ მას აღარ შეუძლია გააგრძელოს სთარლინკის ძველებური მოცულობით მიწოდების დაფინანსება. წერილი შეიცავს თხოვნას პენტაგონის მიმართ, საკუთარ თავზე აიღოს უკრაინის ხელისუფლებისა და სამხედროებისთვის  კომპლექტების მიწოდების ხარჯები. SpaceX–ის  მონაცემებით, მათი ღირებულება წლის ბოლოსთვის 120 მილიონ დოლარს მიაღწევს, მომავალ წელს კი 400 მილიონი დოლარი იქნება.

“ჩვენ არ შეგვიძლია მომავალშიც გადავცეთ უკრაინას ტერმინალები ან დავაფინანსოთ უკვე მიწოდებული ტერმინალების მუშაობა დროის გაურკვეველი პერიოდით“– წერს  პენტაგონს კომპანიის დირექტორი,რომელიც ხელისუფლებასთან კავშირებზეა პასუხისმგებელი.

SpaceX–ის მიერ პენტაგონში გაგზავნილ დოკუმენტებს შორის,რომელიც CNN–ს ჩაუვარდა ხელში,ასევე არის პირდაპირი მოთხოვნა,რომელიც მასკს უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ზალუჟნიმ ივლისში გაუგზავნა დამატებით  სთარლინკის 8 ათასი ტერმინალის მიწოდების შესახებ.

პენტაგონს ცალკე წერილს უგზავნის  SpaceX–ის საგარეო კონსულტანტი და წერს:

“  SpaceX –ს მოუწევს საშინლად რთული გადაწყვეტილება მიიღოს. ჩემი აზრით, მათ არ აქვთ ფინანსური შესაძლებლობები მიაწოდონ  დამატებითი ტერმინალები ან მომსახურება,რომელსაც გენერალი ზალუჟნი ითხოვს .“