CNN – რუსეთს უნდა უკრაინაში გამარჯვება 9 მაისამდე გამოაცხადოს

ამერიკული დაზვერვა თვლის, რომ რუსეთი მოინდომებს დონბასზე სრული კონტროლი 9 მაისამდე დაამყაროს. ამის შესახებ სიენენი დაზვერვასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით საუბრობს.

ტელეკომპანიის წყაროები ამბობენ, რომ რუსეთმა უკრაინასთან მიმართებაში სტრატეგიას გადახედა და ოფიციალურად აცხადებს, რომ ახლა დონბასზე კონცენტრირდება. დანარჩენ უკრაინაში რუსეთის სახმელეთო ძალებს “არ შეუძლიათ კონტროლის შენარჩუნება რაიონებზე, სადაც საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებენ“– ამბობენ ისინი.

დონბასის შემთხვევაში, სიენენის ინფორმაციით რუსეთს მეტი შანსი აქვს. წყაროები ამბობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია წარმატებას 9 მაისამდე მიაღწიოს, რადგან მისთვის “გამარჯვების დღეს“ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.

“პუტინი 9 მაისს გამარჯვების აღლუმს მაინც გამართავს, მიუხედავად უკრაინაში ომის მიმდინარეობის და სამშვიდობო მოლაპარაკების სტატუსისა“– უთხრა სიენენს ევროკავშირის ერთ–ერთი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა. მისი აზრით, პუტინი ხანგრძლივი და გაჭიანურებული ომისთვის ემზადება ორი ჩეჩნური კამპანიის სცენარით, რადგან სხვა არჩევანი აღარ აქვს.

მოსკოვი უკრაინაში შეჭრას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს და აცხადებს, რომ მისი სამიზნე სამხედრო ობიექტებია. შაბათს ცნოილი გახდა მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრების აღმოჩენის შესახებ კიევის ოლქში, საიდანაც რუსული არმია გავიდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამაზე კომენტარს არ აკეთებს. კითხვაზე, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს საბრძოლო მოქმედებები, კრემლი ასევე არ პასუხობს.