CNN: საქართველოს ურჩი ეკლესია, კარანტინის მიუხედავად, მრევლს აღდგომის დღესასწაულზე უმასპინძლებს

CNN საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილება საფრთხის ქვეშ აყენებს კორონავირუსთან ბრძოლაში ქვეყნის წარმატებას.

“საქართველოს სერიოზული გამოცდის ჩაბარება უწევს. კვირას  მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომას ზეიმობს და გავლენიანი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დიდ საზეიმო ღონისძიებებს გეგმავს, რაც, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, შესაძლოა, დამღუპველი აღმოჩნდეს,”- წერია CNN-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული.

სტატიაში – “საქართველოს დაუმორჩილებელი ეკლესია იზოლაციის მიუხედავად აღდგომას მრევლს უმასპინძლებს“, საუბარია იმ ღონისძიებებზე, რაც საქართველოს ხელისუფლებამ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში გაატარა, ასევე იმ რეკომენდაციებსა და შეზღუდვებზე, რაც ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებმა გამოსცეს და აღნიშნულია, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მათ მოწოდებას არ ემორჩილება.

„ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ჯანდაცვის სფეროს ოფიციალური პირების მოწოდებას არ ემორჩილება. ქვეყნის მასშტაბით ღია რჩება და ცერემონიების ჩატარებას განაგრძობს, მიუხედავად იმისა, რომ, ექსპერტების თქმით, ეს შესაძლოა კატასტროფული აღმოჩნდეს… იმ შემთხვევაში, თუკი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციებს არ დაემორჩილება, მან, შესაძლოა, ქვეყანა ყველაზე დიდი რისკის წინაშე დააყენოს. თუკი სააღდგომო დღესასწაულებზე ბევრი ადამიანის თავმოყრა მოხდება, საქართველოს მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაფიქსირებული წარმატება, შესაძლოა, რისკის ქვეშ დადგეს,“ – წერს CNN-ი.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ გასულ კვირას ქვეყანაში ბზობის დღესასწაული აღინიშნა და ტაძრებში ჩატარებული ღვთისმახურებები მთავრობის მიერ 30 მარტს გამოცემული განკარგულების აშკარა დარღვევით ჩატარდა, რომელიც სამ პირზე მეტის შეკრების აკრძალვას ითვალისწინებს.

სტატიაში ზიარების რიტუალზეც არის საუბარი და აღნიშნულია, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად ეკლესიები ამ რიტუალის ჩატარებაზე უარს არ ამბობენ.

„კოვზი ხშირად არც კი ირეცხება“, – აცხადებს CNN-თან საუბარში „საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტში“ რელიგიის საკითხებზე მომუშავე სალომე კანდელაკი. საპატრიარქოში ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს, თუმცა საეკლესიო პირებს არაერთხელ უთქვამთ, რომ რელიგიური რიტუალების დროს დაინფიცირება გამორიცხულია“, – აღნიშნულია სტატიაში.

ნილ ჰოუერი აღნიშნავს, რომ ქართული ეკლესიის გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაუგებარია იმ ფონზე, როდესაც სხვა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა, მათ შორის რუსულმა და ბერძნულმა ეკლესიებმა მრევლს აღდგომის დღესასწაულზე სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს.