CNN: უკრაინა რუსეთთან ომში ტოტალური წინააღმდეგობის დოქტრინას იყენებს, რომელიც აშშ–მ რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ შეიმუშავა

ამერიკული ტელეარხის, CNN –ის ინფორმაციით უკრაინაში 6 თვიანი ომის თავზე ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ უკრაინამ წარმატებით გამოიყენა წინააღმდეგობის მეთოდი, რომლებიც აშშ–ს სპეციალური ოპერაციების ძალებმა შეიმუშავეს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად და შეიარაღებული ძალების თვალსაზრისით მისი მნიშვნელოვანი უპირატესობის გასანეიტრალებლად.

წინააღმდეგობის ოპერაციის კონცეფცია 2013 წელს, რუსეთ–საქართველოს ომიდან რამდენიმ წელში იქნა შემუშავებული. თუმცა, მისი ფასეულობა სრულად მხოლოდ 2014 წელს, რუსეთის ყირიმის ნახევარკუნძულზე შეჭრის შემდეგ იქნა გაცნობიერებული.

ეს კონცეფცია პატარა ქვეყნებს აძლევს ეფექტური წინააღმდეგობის ჩარჩო გეგმას დიდი მეზობლისგან დასაცავად მისი შეჭრის შემთხვევაში.

რუსეთის მიერ ყირიმის თითქმის უსისხლოდ და უსწრაფესად ანექსიამ უკრაინა და დასავლეთი შოკში ჩააგდო და უბიძგა ტოტალური თავდაცვის გეგმის შემუშავების გააქტიურებისკენ, რომელშიც არა მხოლოდ  სამხედროები, არამედ სამოქალაქო პირებიც მონაწილეობენ.

პუტინის მიერ თებერვალში დაწყებული ომი უკრაინაში კი ამ გეგმის ნამდვილი საცდელი პოლიგონი გახდა.

დოქტრინა რომელიც ასევე ROC–ის სახელით არის ცნობილი, გულისხმობს ომის წარმოების ნოვატორულ და არატრადიციულ მიდგომებს და ტოტალურ თავდაცვს, რომლითაც არა მხოლოდ უკრაინელი სამხედროები ხელმძღვანელობენ, არამედ სამოქალაქო მოსახლეობაც რუსეთის არმიისადმი წინააღმდეგობის შეთანხმებული გეგმის ფარგლებში.

“უკრაინის ხელისუფლების მხრიდან კომპლექსური დაცვის თვალსაზრისით ყველაფერი რიგზეა. ისინი იყენებენ ყველა რესურსს, ასევე ხანდახან იყენებენ ზოგიერთ სრულიად არატრადიციულ საშუალებებს რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად“– ამბობს გადამდგარი გენერალი მარკ შვარცი, რომელიც ევროპაში სპეციალური ოპერაციების მეთაური იყო იმ დროს, როცა დოქტრინა მუშავდებოდა.

ნაციონალური წინააღმდეგობის დაგეგმვა

უკრაინამ, რომელიც რუსეთს მოსახლეობის რაოდენობით და შეიარაღებით ბევრად ჩამოუვარდება, მოახერხა და რუსების სამხედრო შეტევა მოიგერია. არადა რუსები ფიქრობდნდნ, რომ ქვეყნის დიდ ნაწილს რამდენიმე დღეში თუ არა, რამდენიმე კვირაში უპრობლემოდ აიღებდნენ.

“ეს არის ხერხი, რომლითაც შეგიძლია მსოფლიოში პირველ სახელმწიფოსაც აჯობო. უბრალოდ დაუჯერებელია იმის ყურება, მიუხედავად წარმოუდგენელი ადამიანური დანაკარგისა და მსხვერპლისა, რა შეუძლია გააკეთოს წინააღდმეგობის ნებამ და გადაწყვეტილებამ, არ დანებდე თავდამსხმელს“– ამბობს კევინ სტრინგერი, არმიის გადამდგარი პოლოკოვნიკი, რომელიც კონცეფციაზე მომუშავე ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ყირიმში ცოტა ხნის წინანდელ აფეთქებებში რუსულ პოზიციებზე, ის ამ კონცეფციის ნიშნებს ხედავს:

“რადგან თქვენ ამას ჩვეული გზებით ვერ ახერხებთ, უნდა გამოიყენოთ სპეციალური ოპერაციის ძალები, და ამ ძალებს წინააღმდეგობის მოძრაობის მხარდაჭერა დაჭირდება– დაზვერვის, ადამიანური რესურსების, ლოჯისტიკის – ამ რეგიონებზე წვდომისთვის“– ამბობს ის.

უკრაინის მთავრობის ანგარიშში, რომელიც სიენენს ჩაუვარდა ხელში, აღიარებულია, რომ უკრაინა დგას რუსული ბაზების და საწყობების აფეთქების უკან.მტრის ზურგის სიღრმეში განხორციელებული შეტევები იმ იარაღის მოქმედების რადიუსის მიღმაა, რომელიც აშშ–მ და სხვა ქვეყნებმა უკრაინას ოფიციალურად გაუგზავნეს. აფეთქებების ვიდეოებზე კი არ ჩანდა არც რაკეტა, არც დრონი.

რუსეთმა აფეთქებები საბოტაჟს ან საბრძოლო მასალების დეტონაციას დაუკავშირა.

“ძალიან დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ ტოტალური წინააღმდეგობის კონცეფციის პრინციპები მუშაობს ახლა, ამჟამად, რეალურ საბრძოლო მოქმედებებში“– ამბობს სტრინგერი.

აპრილის დასაწყისში აშშ–ს სპეცოპერაციის ძალების მეთაურმა, რიჩარდ კლარკმა სენატის საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ აშშ ბოლო 18 თვის განმავლობაში ეხმარებოდა უკრაინელებს წინააღმდეგობის სპეციალური დაჯგუფებების შექმნაში, რომელსაც სპეციალური დანიშნულების ძალები ხელმძღვანელოდნენ. როცა მას კითხეს, ხედავს თუ არა მიმდინარე კონფლიქტში ამ სწავლების წარმატებულ შედეგს, კლარკმა პირდაპირ უპასუხა, რომ ხედავს.

წინააღმდეგობა უკრაინაში

კონფლიქტის საწყის ეტაპზე უკრაინის მთავრობამ სპეციალური ვებგვერდი შექმნა, რომელზეც წინააღმდეგობის სხვადასხვა მეთოდებია განმარტებული. საიტზე აღწერილია არაძალადობრივი ქმედებების გამოყენების მეთოდები, მათ შორის მასობრივი ღონისძიებების ბოიკოტი, გაფიცვა და იუმორის და სატირის გამოყენებაც კი. ამ მეთოდების მიზანია პრორუსული ხელისუფლებებისთვის მართვა შეუძლებელი გახდეს, უკრაინის მოსახლეობას კი მუდმივად შეახსენონ ქვეყნის კანონიერი სუვერენიტეტის შესახებ.

წინაამდეგობის დოქტრინა ძალადობრივ ქმედებებსაც გულისხმობს, მათ შორის მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებას, განზრახ მოწყობილ ხანძრებს ან ქიმიკატების დამატებას მტრის ტრანსპორტის საწვავის ავზში.

დოქტრინა ასევე შეიცავს შეტყობინებების გაცვლის ფართო კამპანიას, რათა კონფლიქტის შესახებ ინფორმაციის ნაკადები გაკონტროლდეს, აღიკვეთოს ოკუპანტების მესიჯების გავრცელება და მოსახლეობის ერთიანობა იქნას შენარჩუნებული.

რუსულ ტანკებზე უკრაინული დარყტმების ამსახველი ვიდეოები პოპ მუსიკის ან ჰევი მეტალის საუნდტრეკით ქსელებში ვირუსული გახდა, ისევე როგორც კადრები, სადაც უკრაინელი სამხედროები უპასტრონო ცხოველებს უვლიან.

წინაასწარ განზრახვით, თუ ამის გარეშე, ეს ყველაფერი წინააღმდეგობის მოძრაობის ნაწილად იქცა, და უკრაინას საშუალება მისცა დასავლურ მედიაში მისი სასარგებლო კამპანია წარმართულიყო, უკრაინელი ჯარისკაცების ჰუმანურობის ხაზგასმა მომხდარიყო იმ დროს, როცა რუსი ჯარისკაცები სრულიად განსხვავებულად ჩანდნენ.

წინააღმდეგობის მოძრაობის ავანგარდშია პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც მისი ღამის ვიდეო მიმართვებით, ხშირი საერთაშორისო გამოსვლებით კონფლიქტს ყურადღების ცენტრიდან გასვლის საშუალებას არ აძლევს. მის ვიზიტებს პირველ რიგში აშუქებენ მსოფლიო ახალ ამბებში, რუსეთის პრეზიდენტს კი იშვიათად თუ შეხვდებით კრემლის მიღმა.

საინფორმაციო კამპანიის ნიაღვარმა უცხოეთიდან დახმარების ტალღა გამოიწვია და წარმატებით გაზარდა დასავლური მთავრობების მხრიდან უკრაინისთვის დიდი რაოდენობით იარაღის და საბრძოლო მასალების მიწოდება.

მთლიანობაში, წინააღმდეგობის კონცეფცია ერთქვარი ჩარჩოა  ქვეყნის მდგრადობის გაზრდისთვის,  რაც მას გარედან ზეწოლისადმი გამძლეობაში ეხმარება. ასევე ეხმარება დაგეგმოს წინააღმდეგობა და თავდაცვა, რომელშიც მთელი ქვეყანაა ჩართული მისი მთლიანობის დასაცავად და ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად.

გამძლეობა – ეს არის საზოგადოების ძალა მშვიდობიან დროს, რომელიც ომის პირობებში აგრესორისადმი წინააღმდეგობად გარდაიქმნება.– ამბობს ევროპული პოლიტიკის ცენტრის ექსპერტი დალია ბანკაუსკაიტე, რომელიც ლიტვაში წინააღმდეგობის დაგეგმვას სწავლობდა.

წინააღმდეგობის დოქტრინა ისეა შექმნილი, რომ მისი მორგება სხვადასხვა ქვეყნის თავისებურებებზე შეიძლება. ის არ არის განკუთვნილი აჯანყების მოძრაობის შესაქმნელად და მხარდასაჭერად. მისი მიზანია მთავრობის მიერ სანქცირებული ძალების შექმნა, რომლებიც უცხოელი ოკუპანტის წინააღმდეგ იმოქმედებენ სუვერენიტეტის აღდგენის მიზნით.

თავიდან მხოლოდ ესტონეთმა, ლიეტუვამ და პოლონეთმა გამოთქვეს ნამდვილი ენთუზიაზმი ახალ დოქტრინასთან მიმართებაში. თუმცა, ყირიმის თითქმის უსისხლო აღების შემდეგ 2014 წელს, ამ მეთოდის მიმართ ინტერესი გაიზარდა.

ევროპაში სპეციალური ოპერაციის ძალების მეთაურობის პრეს–მდივანი,  ნიკოლ კიშმანი ამბობს, რომ დოქტრინის შექმნის მომენტიდან მინიმუმ 15–მა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა ამა თუ იმ ფორმით წინააღმდეგობის დოქტრინის შესწავლაში.

ნოემბერში, როცა ბაიდენის ადმინისტრაციამ პირველი საჯარო გაფრთხილებები გაავრცელა უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის შესახებ, უნგრეთმა წინააღმდეგობის ოპერატიულ კონცეფციასთან დაკავშირებით კონფერენციაც კი ჩაატარა.

კირშმანი CNN–ს ეუბნება, რომ  კონფერენციას უკრაინის სპეციალური ოპერაციათა ძალების მეთაურიც ესწრებოდა, ასევე ათზე მეტი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი.

უკრაინაში რუსეთის შეჭრამ კონცეფციის მიმართ ინტერესი გაზარდა. ბალტიისპირეთის ქვეყნების პარლამენტებში აქტიურად საუბრობენ ტოტალური წინააღმდეგობის დოქტრინის ნაციონალურ დონეზე დანერგვის შესახებ. მაისში, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 3 თვის თავზე ლიეტუვის პარლამენტმა მიიღო სამოქალაქო წინააღმდეგობის ახალი სტრატეგია, რომელიც ბევრად უფრო ფართეა, ვიდრე ოკუპაციისადმი წინააღმდეგობა.

ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, მარიტნას ბენდიკასის თქმით, ეს კონცეფცია ქვეყნის დაცვის ნების გაძლიერებას, მოქალაქეების სამხედრო და არასამხედრო ცოდნის გაზრდასაც გულისხმობს ნაციონალური თავდაცვის ფარგლებში.

წინააღმდეგობის დოქრინაზე ღიად საუბარი განხრახ დაიწყო და ამის მიზანი პოტენციური თავდასხმების, ასევე რუსეთის საყვარელი ჰიბრიდული ომის  შემაკავებელი ეფექტია. – ამბობს სტრინგერი.

რა თქმა უნდა, ქვეყნების შიდა, კონკრეტული  გეგმები საიდუმლოა. თუმცა ფაქტია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მეზობლები დეტალურად სწავლობენ უკრაინაში მიმდინარე ომს, რომ გააანალიზონ, რამ იმუშავა კარგად, და რა არის გასაუმჯობესებელი– წერს CNN.