COVID-19 ავღანეთში მყოფ კიდევ 10 ქართველ ჯარისკაცს დაუდასტურდა, ისინი საქართველოში გადამოიყვანეს

ავღანეთში მყოფ კიდევ 10 ქართველ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ როტაციით მყოფი საქართველოს თავდაცვის ძალების 10 სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც 28 სამხედრო მოსამსახურესთან ერთად „კოვიდ-19“ დაუდასტურდათ, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავის სპეციალური რეისით სამშობლოში დღეს ჩამოიყვანეს. ინფიცირებული სამხედროების საქართველოში გადმოყვანა, ნატოს სარდლობის გადაწყვეტილებით, ორ ეტაპად, 10 ივლისს და 17 ივლისს განხორციელდა.

„10 ივლისს გადმოყვანილი 28 სამხედრო მოსამსახურიდან 8 გამოჯანმრთელდა და სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა. დანარჩენი სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინფექცია გართულებებისა და ჩივილების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ინფიცირების წყარო იგივე კლასტერს – ადგილობრივ ავღანელ პერსონალს უკავშირდება”,– აცხადებს თავდაცვის უწყება.