COVID-19 ეკლესიიდან არ გავრცელდება, ტაძარში ადამიანები განსაკურნებლად მოდიან – მეუფე გერასიმე

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე ამბობს, რომ კორონავირუსი ეკლესიიდან არ გავრცელდება, რადგან იქ ადამიანები განსაკურნებლად მიდიან.

,,ეკლესიიდან არ გავრცელდება, პირიქით, ტაძარში ადამიანები იმისთვის მოდიან, რომ განიკურნონ, სულიერად და ხორციელად… საპატრიარქოში იმსჯელებენ და იტყვიან თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ღვთისმსახურება ეკლესია-მონასტრებში”,- განაცხადა მეუფემ.

ცნობისთვის, კორონავირუსი 14 აპრილს სასულიერო პირს დაუდგინდა, რომელმაც თბილისში, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის რუსული ტაძარში წირვა ჩაატარა. ვირუსი დაუდასტურდა მისი ოჯახის 3 წევრსაც.

საგანგებო მდგომარეობის და კარანტინის მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სააღდგომო ლიტურგიის და წირვა-ლოცვების ჩატარებას მაინც აპირებს. საპატრიარქო აცხადებს, რომ მრევლი დისტანციას დაიცავს, თუმცა ამ დრომდე არ შეცვლილა ერთი კოვზით ზიარების წესი.

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ,,მოქალაქეების გონიერებისა და სიბრძნის იმედი აქვს”, რადგან, როგორც ის ამბობს ,,გონიერი მოქალაქე მიხვდება, რომ არ დაელოდოს ეკლესიისგან მოწოდებას, არ მოხვიდეთ ეკლესიაშიო”. მისივე თქმით, კორონავირუსთან ბრძოლიდან მთავრობა ისე უნდა გამოვიდეს, რომ არ დაანგრიოს არც სახელმწიფო და არც ეკლესია.