COVID-19-ით ინფიცირებული ბიჭი სოფელ ითხვისში სამძიმარზე იმყოფებოდა – ჭიათურის მერი

ჭიათურის მერის, გივი მოდებაძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული პირი ჭიათურაში, სოფელ ითხვისში სამძიმარზე იმყოფებოდა. მერის განმარტებით, ინფიცირებულთან 5 პირდაპირ, ხოლო 15-მდე ირიბი კონტაქტია გამოვლენილი, რომლებიც იზოლაციაში იმყოფებიან.

„4-5 დღის წინ იყო ჩამოსული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც გუშინ დაუდგინდა კორონავირუსი. დაახლოებით 5 პირდაპირი და 15-მდე ირიბი კონტაქტია გამოვლენილი. ჯერჯერობით არავინ არ არის გადაყვანილი არსად და ველოდებით.

სამძიმარზე იყო ჩამოსული. ქელეხი არ ყოფილა, აკრძალულია. ეს არის ითხვისის ერთ-ერთი პატარა კუთხე, ძალიან პატარა სოფელია. არ გასულა ფართოდ, არ უვლია”, – განაცხადა ჭიათურის მერმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 296 შემთხვევა დასტურდება, მათგან 3 გარდაიცვალა, ხოლო 69 გამოჯანმრთელდა.