უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა კორონავირუსის პანდემიის დროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოში COVID-19-ის წინააღმდეგ მიღებული შეზღუდვების ნაწილი სხადასხვა რელიგიური ორგანიზაციის მიმართ დისკრიმინაციული იყო.
დისკრიმინაციის მაგალითად ორგანიზაცია მუსლიმთა უმაღლესი სამმართველოს თავმჯდომარის დაკითხვაზე დაბარებასაც ასახელებს.
,,სამედიცინო რჩევების საწინააღმდეგოდ კანონით არ შეიზღუდა რელიგიური შეკრებების დიდი ნაწილი, რათა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სააღდგომო ლიტურგიის აღსრულების შესაძლებლობა ჰქონოდა. 12-დან 19 აპრილამდე, ბზობისა და აღდგომის აღნიშვნისას რამდენიმე მართლმადიდებელმა ეკლესიამ ათობით მორწმუნე მიიღო. სხვა ყველა რელიგიურმა ჯგუფმა კი ნებაყოფლობით დახურა საზოგადოებისთვის რელიგიური დაწესებულებები.
15 აპრილს საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სამმართველოს ხელმძღვანელმა მირტაგ ასადოვმა განაცხადა, რომ რამადანის დაწყებისას ასევე გახსნიდნენ მეჩეთებს იმ მოლოდინით, რომ საქართველოს ხელისუფლებას იგივე მიდგომა ექნებოდა მათ მიმართ, როგორიც მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ ჰქონდა. ამ განცხადებიდან ორი დღის შემდეგ, მირტაგ ასადოვი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს, სახელმწიფო საბოტაჟის მცდელობასთან დაკავშირებით“, – წერია Amnesty International-ის ანგარიშში.