COVID-19-ის პრობლემა არ მორჩება ერთ, ორ თვეში, შეიძლება ერთ წელიწადშიც – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველო კორონავირუსის შიდა გავრცელების დაწყებიდან მე-7 კვირის ბოლოშია, კრიზისი კი მე-6 , მე-7 და მე-8 კვირაში ხდება ხოლმე.

მისი თქმით, მოსახლეობას არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ შემთხვევები კლების გამო ვირუსს მოვერიეთ.

,,რადგან ეს ინფექცია ნაკლებად ცნობილია, არ ვიცით მეორე, მესამე ტალღა როგორ შეიძლება განვითარდეს, ხალხში არ უნდა შეიქმნას ილუზია, რომ აი, შემთხვევების კლება გვაქვს და ვირუსს უკვე მოვერიეთ, თან გარკვეული შემსუბუქებები არის. ზოგადად, ეს თემა უკვე მთელ მსოფლიოში მკვიდრდება. კორონავირუსის პრობლემა არ მორჩება ერთ, ორ თვეში, შეიძლება ერთ წელიწადშიც. ჩვენ თანდათან უნდა მივეჩვიოთ ამ პრობლემასთან ერთად თანაცხოვრებას და ქვეყანაც მოემზადოს”,- ამბობს გამყრელიძე პალიტრანიუსის ეთერში.

გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ყველაზე რთული იქნება, თუ შემოდგომის ბოლოს COVID-19-ისა და გრიპის ვირუსის ზედდება მოხდება.

,,ამიტომ არის მოწოდება, რომ წელს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას გრიპის ვირუსზე”,- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინიცირების 623 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 288 გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.