ევროპელი მკვლევარების მონაცემებით, რომლებიც ეძებენ მიზეზებს, რატომ ვითარდება კორონავირუსი რთული ფორმებით ზოგ ადამიანში, ზოგ ორგანიზმში კი მსუბუქად მიმდინარეობს, კორონავირუსის ინფექციის სერიოზულობაზე სისხლის ჯგუფმა და სხვა გენეტიკურმა ფაქტორებმა შეიძლება მოახდინონ გავლენა.
The New England Journal of Medicine–ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგებში ნავარაუდევია, რომ მეორე ჯგუფის სისხლის ადამიანებს კორონავირუსით დაინფიცირების უფრო მაღალი რისკი და ინფექციის მძიმე სიმპტომებით განვითარების საფრთხე აქვთ.
ეპიდემიის პიკზე ევროპელმა მკვლევარებმა 4000–ზე მეტი ადამიანის გენების ანალიზი ჩაატარეს, რათა მოეძებნათ ის ვარიანტები, კოვიდ19–ის რთული ფორმებით დაავადებულთა შორის იყო საერთო.
მათ აღმოაჩინეს, რომ გენებში ვარიანტების კლასტერი, რომლებიც იმუნურ პასუხთან არის დაკავშირებული, უფრო გავრცელებული იყო კოვიდ19–ისმძიმე ფორმით დაავადებულ ადამიანებში. ეს გენები ასევე დამოკიდებულია უჯრედის ზედაპირის ცილასთან, რომელსაც ACE2 ეწოდება. სწორედ მას იყენებს კორონავირუსი ორგანიზმის უჯრედში შესაღწევად და მის დასაზიანებლად.
მკვლევარებმა, რომლებსაც გერმანელი მკვლევარი ანდრე ფრანკე და ნორვეგიელი მეცნიერი ტომ კარლსენი ხელმძღვანელობდნენ, ასევე აღმოაჩინეს კავშირი ახალ კორონავირუსსა და სისხლის ჯგუფს შორის.
კოვიდ19–ის მძიმე ფორმის განვითარების რისკი 45%–ით მაღალი აღმოჩნდა მეორე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებში, ვიდრე სხვა ტიპის სისხლის მქონეებში. რისკი 35%–ით დაბალი აღმოჩნდა პირველი ჯგუფის სისხლის მქონე პაციენტებში.
“მიღებული მონაცემები კონკრეტულ მინიშნებას გვაძლევს იმასთან დაკავშირებით, რა დაავადებები შეიძლება განვითარდეს კორონავირუსის რთული ფორმების დროს.“ – თქვა კარლსენმა როიტერთან ინტერვიუში და აღნიშნა, რომ საჭიროა დამატებითი კვლევები, სანამ ეს ინფორმაცია რეალურად საჭირო გახდება.
“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს და სხვა შედეგები გვაჩვენებს გზას კოვიდ19–ის ბიოლოგიის უფრო ღრმა გაგებისთვის“– დაწერა თავის ბლოგში აშშ–ს ნაციონალური ჯანდაცვის ინსტიტუტის დირექტორმა, გენეტიკის ექსპერტმა ფრენსის კოლინზმა.
მეცნიერები ასევე ვარაუდობენ, რომ გენეტიკური ტესტი და სისხლის ჯგუფი შესაძლოა სასარგებლო ინსტრუმენტები გახდეს მათ გამოსავლენად, ვისაც სერიოზული დაავადების უფრო დიდი რისკი აქვს.