ნაციონალური მოძრაობის ლიდერი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების რესურსი არ აქვს, ამიტომ მის დეპუტატებს კორონავირუსი რომ დაემართოთ, ივანიშვილი კოსმონავტის სკაფანდრებით მაინც მიაცემინებს ხმას.
მისივე თქმით, ენმ კენჭისყრაში მაშინ მიიღებს მონაწილეობას, როცა გიორგი რურუა გათავისუფლდება.
“აქამდე არ მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას, ვიდრე შეთანხმება სრულად არ იქნება შესრულებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში არ უნდა იყოს არცერთი პოლიტიკური პატიმარი. ივანიშვილს მოუწია პოლიტპატიმრების გათავისუფლება ძალიან მძიმე დარტყმების შემდეგ, როდესაც მის პირად ფინანსებს და საგარეო დახმარების შემოსვლას დაემუქრა საფრთხე. დღეს იქნება თუ ხვალ, ივანიშვილი გაათავისუფლებს რურუას, ვინაიდან მას არ აქვს კონსტიტუციის ჩაგდების რესურსი. სულ რომ კორონავირუსი დაემართოს “ქართული ოცნების” დეპუტატებს, ივანიშვილი კოსმონავტის სკაფანდრებს იშოვის, შემოიყვანს მათ და პულტზე ხელს დააჭერინებს.
ის მიიღებს კონსტიტუციას იმიტომ, რომ ძალიან სერიოზული ზეწოლაა გარედანაც, შიგნითაც და მან ერთხელ უკვე გამოსცადა საკუთარ ტყავზე, რას ნიშნავს ჩათრევა, ნაცვლად იმისა, რომ ჩაყოლოდა. ჩათრევას ჩაყოლა ჯობია და ამას ივანიშვილი გააკეთებს. ჩვენ კენჭისყრაში მაშინ მივიღებთ მონაწილეობას, როცა გიორგი რურუა გათავისუფლდება. კონსტიტუციის მიღება ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე, ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი კვლავ აპირებს პოლიტიკური დევნის გაგრძელებას, მოსყიდვას, ძალადობას, დაშინებას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და ა.შ.” – განაცხადა გოცირიძემ.
დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენა და კენჭყისრა გაიმართება.