ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლის განცხადებით, თუ კორონავირუსის გამო მსახურების წესის შეცვლა დღის წესრიგში დადგება, ამაზე იმსჯელებენ.
“ეს არ არის ისეთი მოვლენა, რომელზეც შეიძლება, ადამიანმა არასერიოზულად ისაუბროს და ზღაპრები მოყვეს. ყველას აქვს უფლება, თავისი აზრი ჰქონდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ვირუსმა არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. საჭიროა საერთო ძალისხმევა და ამ საფრთხეების გათვალისწინება.
თუ დღის წესრიგში დადგა [მსახურების წესის შეცვლის] აუცილებლობა, ამაზე ვიმსჯელებთ, ღვთისმსახურების დროს სასულიერო პირები პირბადეებით დგანან, ასევე მრევლი, ამ ეტაპზე სხვა რა უნდა გავაკეთოთ, მე ვერ გეტყვით. ისეთი ვითარებაა თვითონ ეკლესიაშიც – სასულიერო პირების ნაწილი, ზოგი იზოლაციაშია, ზოგი ინფიცირებულია, ზოგან ღვთისმსახურების ჩატარებაც პრობლემაა, იმიტომ, რომ სასულიერო პირი ინფიცირებულია”,– თქვა მეუფე გრიგოლმა.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 42 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 4 321 ახალი შემთხვევა, ხოლო 4 301 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით ქვეყანაში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია –162 475
- გამოჯანმრთელებულია – 133 511
- გარდაცვლილია – 1 504
- კარანტინის რეჟიმში რჩება – 1282